"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე საუბარი არც შარლ მიშელის და არც სავარაუდო ფარული ჩანაწერების საკითხზე არ ყოფილა.
მისი თქმით, შეხვედრა მხოლოდ საარჩევნო საკითხებს ეხებოდა.
"დღეს შევხვდით ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს. ეს არის შეხვედრა, რომელიც იმართება ყოველი არჩევნების წინ, სადაც პარტიებს აქვთ საშუალება, რომ ელჩებს მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია, ხედვა გააცნონ. ამის შემდეგ ელჩებსაც აქვთ საშუალებას, დასვან კითხვები. ჩვენ თავიდანვე გვითხრეს, რომ შეხვედრის დეტალებზე გარეთ საუბარი არ ყოფილიყო. ზოგადად, ჩვენ გავაცანით ჩვენი ხედვა და ინფორმაცია ელჩებს წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით და დაისვა რამდენიმე კითხვა, დაახლოებით სამი-ოთხი. საქმე ეხებოდა საარჩევნო გარემოს. რაც შეეხება ჩანაწერების თემას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ამ შეხვედრაზე არ ყოფილა საუბარი შარლ მიშელის დოკუმენტზე და არც ჩანაწერებზე, რომელიც რამდენიმე ტელევიზიამ გამოაგდო," - განაცხადა კობახიძე.