"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში წინასაარჩევნო გარემოს დაძაბვის მიზნით პროვოკაციები იგეგმება და, მისი თქმით, "ამის მაგალითები ვიხილეთ ქარელში, დმანისში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გასული რამდენიმე დღის განმავლობაში".
"დღევანდელი ფაქტი ნათლად ადასტურებს, რომ რაც მოხდა აღნიშნულ 4 მუნიციპალიტეტში, არ იყო სპონტანური პროვოკაციები და მათ უკან ნაციონალური მოძრაობის გეგმა იდგა.
ამის მორიგი მაგალითი ვიხილეთ დღეს, ნიკანორ მელიას შესრულებით, რომელიც არის უინტელექტო ხულიგანი და პროვოკატორი და რომელიც თავის პოლიტიკურ შანსს მხოლოდ პროვოკაციებში ხედავს.
სიმბოლურია, რომ ნიკანორ მელიამ პროვოკაცია განახორციელა ევროკავშირის ოფისის წინ, ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრამდე. ეს იყო დემონსტრაციული განაცხადი, რომ მელია არაფრად აგდებს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს და სრულიად შეგნებულად პოლარიზაციას მათი ოფისის წინ აღვივებს.
დღევანდელი პროვოკაციაც ადასტურებს, რომ ძალზე რთულია ასეთ პროვოკაციებს პასუხი არ გასცე,"- აცხადებს კობახიძე.
დღეს ევროკავშირის ოფისთან ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, მოხდა მცირედი შეხლა-შემოხლაც. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მასთან ნიკა მელია მივიდა.