"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აქტივისტებს მოუწოდებს, ინციდენტის ადგილი დატოვონ და არ აყვნენ პროვოკაციას. მდინარაძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ძვირად დაუჯდება, თუკი აღმოჩნდება, რომ პროვოკაციას აწყობდნენ და ეს მიმართული იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ.
"მივმართავ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ასეთ მძაფრი რეაქცია აქვს მათ პროვოკაციებზე, რომ სასწრაფოდ დაიშალონ, ამით არ მივცემთ პროვოკატორებს საშუალებას, რომ რაღაცა კიდევ არეულობის და ქაოსის ფონი შექმნან.
რაც შეეხება დმანისთან დაკავშირებით, ხაზგასმით ვიმეორებ, არავის უთქვამს ჩვენი მხრიდან, ასეთი ნათქვამი არ ყოფილა, რასაც ტირაჟირებენ "ნაცმოძრაობის" მედიასაშუალებები, რომ თვითონ დაიჭრა თავი. ამ ბინძური ტყუილით ცდილობდა პროვოკაციის მოწყობას და ამ პროვოკაციის გამართლებას ნიკა მელია.
მე გუშინ ვთქვი, რომ ძალიან მძიმედ და ძალიან ძვირად დაუჯდება "ნაცმოძრაობას", თუ მართლაც აღმოჩნდება, რომ ისინი პროვოკაციას აწყობდნენ და ეს მიმართული იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანის მიმართ. რა ინფორმაციაც ამ წუთას მე მაქვს, საუბარია იმ ადამიანზე, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ქმედება დმანისში. როგორც მეუბნებიან, ჯერ გადამოწმებული არ არის, საუბარია ამ ადამიანის მკურნალობის დოკუმენტებზეც კი. როგორც გვეუბნებიან, ასევე, ეს კარგად იცოდა ყველა ადამიანმა, ვინც იმ სოფელში ცხოვრობს, რომ ეს ახალგაზრდა მამაკაცი იყო მძიმე ფისიქიკური პრობლემებით და სწორედ მის მიმართ იყო უმძიმესი შეურაცხყოფები,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძე.