შეხვედრა დიპლომატებთან - ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში არჩევნებამდე 9 დღით ადრე შეიკრიბნენ.
ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პირველები სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები მივიდნენ. პარტიის თავმჯდომარემ მედიასთან კომენტარი შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო და მომხდარი ინციდენტები იყო. "ქართული ოცნების" პარტიის ლიდერმა ისიც განმარტა, რომ პარტნიორი სახელმწიფოების ელჩების მხრიდან ფარულ მოსმენებსა და შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებაზე შეკითხვები არ დასმულა.
როცა ირაკლი კობახიძე მედიასთან შეხვედრის დეტალებზე საუბრობდა, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე მივიდა. ნიკა მელიამ ევროპელ დიპლომატთან შესვლამდე კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა ხელისუფლება და მმართველი გუნდი არჩევნებს ძალადობისა და სიძულვილის ენის პირობებში ჩატარებაში დაადანაშაულა.
დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრის მთავარი თემა რომ მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია არ ყოფილა, ამაზე გიორგი ვაშაძემ აუდიენციის დასრულების შემდეგ ისაუბრა. "მესამე ძალა სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერის განცხადებით, დასავლელი პარტნიორები გმობენ წინასაარჩევნოდ მომხდარ ინციდენტებს. მან პირობაც დადო, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ქვეყანაში უკანონოდ აღარავის მოუსმენენ.
შეხვედრა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინიციატივითა და თანამონაწილეობით ჩატარდა.