პოლიტიკური ლიდერების დაპირისპირება ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, ელჩის კრიტიკა და მოწოდებები - კარლ ჰარცელის გუშნდელ განცხადებას, სადაც ის მელია-კობახიძის ინციდენტის შეფასებისას წინასაარჩევნოდ მსგავსი შემთხვევების დაუშვებლობაზე საუბრობდა, ადრესატები ეხმაურებიან.
მმართველი პარტიის ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ელჩი მელიას ქცევის შეფასებისას უფრო მკაცრი უნდა ყოფილიყო.
"ასეთი განცხადებები შეიძლება გახდეს ერთგვარი მწვანე შუქი ნიკანორ მელიასთვის, იმისათვის, რომ მან განახორციელოს დამატებით ახალი პროვოკაციები. კონკრეტულად, ნიკანორ მელიას ქმედება უნდა შეფასებულიყო, მან შეურაცხყოფა მიაყენა, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის ოფისსაც, იმიტომ, რომ ის შედიოდა ევროკავშირის ოფისში. როდესაც ასეთ რაღაცას აკეთებს მთავარი ოპოზიციური პარტიის თუნდაც ფორმალური თავმჯდომარე, ეს საჭიროებს ძალიან მძიმე შეფასებას, თუმცა, ჩვენ ასეთი შეფასება ვერ მოვისმინეთ,"- აცხადებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
"ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი კი იმედოვნებს, რომ ჰარცელის ეს განცხადება ენმ-ს მხრიდან მსგავსი პროვოკაციების წახალისებად არ იქნება აღქმული.
"სამწუხაროა, რომ კარლ ჰარცელმა არ დაგმო ეს პროვოკაცია. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია და "ნაციონალური მოძრაობა" ამ განცხადებას არ გაიგებს ისე, როგორც წახალისებას მათი პროვოკაციების. რაც შეეხება ზოგადად უსაფრთხოებას, ამ კუთხით ყველაფერი უზრუნველყოფილი იყო,"- აცხადებს პაპუაშვილი.