საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.
26 სექტემბერს, პარიზში, ინვალიდების სასახლეში ვიცე-პოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართება საზეიმო ცერემონია, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მოწვეულ სტუმრებს, ქართული დიასპორის წარმომადგენლებსა და დიმიტრი ამილახვარის შთამომავლებს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის უცხოური ლეგიონის მე-13 ბრიგადის მუზეუმს და სენ-სირის სამხედრო აკადემიის მუზეუმს ვიცეპოლკოვნიკ დიმიტრი ამილახვარის ბიუსტს გადასცემს, რომელიც ქართველმა მოქანდაკემ გურამ ნიკოლაძემ შექმნა.
საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღიარების 100 წლისთავთან დაკავშირებით პარიზში ქართული დიასპორის რამდენიმე გამორჩეულ წარმომადგენელს (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოებს და სახელმწიფო ჯილდოები მის შთამომავლებს გადასცემს.
საქართველოს პრეზიდენტი ასევე, მონაწილეობას მიიღებს საფრანგეთისათვის დაღუპულ მეომართა ხსოვნის პატივსაცემად, ტრიუმფალურ თაღთან მარადიული ცეცხლის გაღვივების ცერემონიაში.