მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით "კორუფციის კონტროლის“ მიმართულებით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა, მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ Freedom House-ს შეფასებით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.
The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 14-ე პოზიციაზე მოხვდა.
"მინდა იმ ინფორმაციით დავიწყო, რომელიც სულ ახლახანს გამოქვეყნდა, ეს არის მსოფლიო ბანკის კვლევა, რომელიც შეეხება მსოფლიო მმართველობის შეფასებას და ინდიკატორებს, რომელიც ათეულობით კვლევითი ცენტრის და საერთაშორისო ორგანიზაციების ანალიზს აჯამებს და მე მინდა ამის თაობაზე ჩვენს საზოგადოებას ვუთხრა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი და წინსვლა აქვს. ამ ანგარიშის მიხედვით, საქართველოს „კორუფციის კონტროლის“ და ეფექტური მმართველობის მიხედვით, ევროპაში და მთელს მსოფლიოში წამყვანი და სანიმუშოდ კარგი პოზიციები აქვს.
უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, "კორუფციის კონტროლის“ მიხედვით საქართველო 189 ქვეყანას შორის ტოპ 50 ქვეყანაში 45 -ე პოზიციაზე გავიდა. ხოლო მთელი ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-19-ე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საუკეთესო ოცეულში საქართველო უკვე ზედიზედ მეოთხედ მოხვდა.
შედარებისთვის მინდა გითხრათ, რომ 2012 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში საქართველო 62-ე ადგილზე იყო. ბუნებრივია, ევროპის საუკეთესო ოცეულს მიღმა იყო ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება.
ამას გარდა, მე მინდა გითხრათ, რომ კორუფციის კონტროლით ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 10 სახელმწიფოს -ჩეხეთი, იტალია, სლოვაკეთი, კვიპროსი, მალტა, ხორვატია, უნგრეთი, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი.
ასევე, საქართველოს უსწრებს ევროპის არაკონტინენტური ნაწილის ქვეყნები, როგორიც არის ირლანდია, გაერთიანებული სამეფო, ისლანდია და ევროპის რამდენიმე მოწინავე სახელმწიფო.
ნატოს წევრი ქვეყნებიდან საქართველო „კორუფციის კონტროლით“ უსწრებს 14 სახელმწიფოს. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ქვეყანა ლიდერია რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მას მხოლოდ ბალტიის ქვეყნები უსწრებს.
რაც შეეხება კორუფციისგან თავისუფლებას-მინდა გითხრათ, რომ Freedom House-ს შეფასებით საქართველო გამოკვლეულ ქვეყნებს შორის კორუფციისგან თავისუფლებით მე-11 ადგილზე გავიდა.
ასევე გეტყვით, რომ The Gallup Organization-ის გლობალური გამოკითხვის მიხედვით კი საქართველო მსოფლიოს 122 ეკონომიკას შორის კორუფციისგან თავისუფლებით ევროპის საუკეთესო ოცეულში 14-ე პოზიციაზე მოხვდა,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.