საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში - კორუფციის კონტროლის, ხელისუფლების ეფექტურობის, კანონის უზენაესობისა და რეგულაციების ხარისხის მიმართულებით, საქართველო მოწინავე ქვეყნების სიაში - მსოფლიო ბანკმა "მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების" კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა.
ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას შეფასებით, აღნიშნული რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა საქართველომ რეფორმების აღებული კურსი განამტკიცოს.
"კანონის უზენაესობის მიხედვით, მთავრობის ეფექტიანობის მიხედვით საკმაოდ კარგი მიღწევები გვაქვს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მთლიანობაში იმისთვის, რომ ჩვენ რეფორმების აღებული კურსი განვამტკიცოთ და თითოეული ამ ინდიკატორის გაუმჯობესების უკან დგას მუხლჩაუხრელი შრომა ძალიან ბევრი ჩვენი უწყებების, ვინც ამაში თავისი ყოველდღიური შრომით თავის სიტყვას ამბობს და საქართველოს საერთაშორისო იმიჯს ამყარებს," - განაცხადა ნათია თურნავამ.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი კი ხაზს უსვამს იმ ფაქტორებს, რის შედეგადაც საქართველო პანდემიამდელ შეფასებებს დაუბრუნდა.
"მნიშვნელოვანია ის ფაქტორები რა ფაქტორების გამოც საქართველო დაუბრუნდა პანდემიამდელ შეფასებებს. ძირითადი ფაქტორი ეს არის ქვეყნის მიერ გატარებული მყარი მაკროეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ასევე მხარს უჭერს საერთაშორისო ორგანიზაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა შეენარჩუნებინა მაკროეკონომიკური სტაბილურობა," - აცხადებს ლაშა ხუციშვილი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის შეფასებით, საერთაშორისო რეიტინგებში ასახული წარმატება საქართველოს მიერ მრავალი წლის მანძილზე გაწეულ შრომას ემყარება.
"ეს წარმატება ემყარება საქართველოს მიერ მრავალი წლის მანძილზე ჩატარებულ შრომას და ბოლო პერიოდს თუ გავიხსენებთ, ხაზგასასმელია რა თქმა უნდა, კონსტიტუციური ცვლილებები, რომელიც 2017 წელს გატარდა, ასევე საჯარო სამსახურის რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და რაც მთავარია, ასევე ხელისუფლების განწყობა თავად კანონის პატივისცემისადმი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას და უკვე საშემოდგომო სესიაზე ჩვენ პარლამენტს წარვუდგენთ არაერთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთა ჰარმონიზაციას," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.
"გლობალური მმართველობის ინდიკატორებით" ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის მსოფლიო ბანკის 189 წევრი სახელმწიფო ფასდება.