თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.
მან მხარდაჭერა გამოუცხადა სუსს და მის უფროსს და აღნიშნა, რომ ეს არის კარგად გააზრებული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ.
"პირველ რიგში, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ გრიგოლ ლილუაშვილს და უსაფრთხოების სამსახურის პირად შემადგენლობას, ვინც, მიუხედავად მათზე ორკესტრირებული და კოორდინირებული იერიშისა, სამსახურის მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობების და მის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის პირობებში, მაღალი პროფესიონალიზმით და განსაკუთრებული ემოციური სტაბილურობით ასრულებენ იმ უმნიშვნელოვანეს საქმიანობას, რასაც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა ჰქვია.
ეს კამპანია, რომელმაც მიიღო ინტენსიური ხასიათი და ბოლო პერიოდში მიაღწია გაუგონარ ფორმებს და მასშტაბებს, არ არის შემთხვევითი. მიმდინარეობს კარგად გააზრებული შეტევა სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმ საფუძვლების წინააღმდეგ რაზეც დგას ქართული სახელმწიფო - ღირებულებები, ინსტიტუტები, ქართული ეკლესია. შემთხვევითი არ არის, რომ ეს ემთხვევა საარჩევნო პერიოდს, საქათველოს ყოფილი პრეზიდენტის პროვოკაციულ გზავნილებს და გამონათქვამებს. ერთ-ერთი მთავარი სამიზნე არის უსაფრთხოების სამსახური და მიზნად ისახავს მის რეპუტაციულ და ინსტიტუციურ დაზიანებას.
სამსახურში მუშაობენ ღირსეული პროფესიონალები, მამაცი ოფიცრები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რისკის ფასად იცავენ ჩვენს ქვეყანას. დესტრუქციული სუბიექტების მიერ მსგავსი ბინძური და უსუსური ნაბიჯები ვერ შეარყევს სამსახურის ოფიცრების ღირებულებებს, ვერც ღირსებას, ვერც მოთმინებას და ვერანაირ უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს მათ მიერ ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული ამოცანების შესრულებაზე. უსაფრთხოების სამსახური საქმიანობს ეფექტიანად და მას აქვს შეუბღალავი, მაღალი რეპუტაცია პარტნიორი ქვეყნების სადაზვერვო და უსაფრთხოების საზოგადოებებში,"-აცხადებს ბერაია.