"ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ღამის კურიერის" ეთერში 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიღებულ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს საქართველოსთვის დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება იყო.
თუმცა, მისივე თქმით, "ყველაფერი ვერ გაიტანა" ქართულმა მხარემ და დოკუმენტში ჩაიწერა, რომ 7 აგვისტოს საქართველოს მხრიდან მოხდა მოვლენების ესკალაცია.
"ევროსაბჭოს ეგ რეზოლუცია იყო დიდი დიპლომატიური და პოლიტიკური გამარჯვება საქართველოსთვის, რადგან, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსეთმა მიიღო პირველად ამ ტიპის დოკუმენტში ოკუპანტი ქვეყნის სტატუსი, დაბრალდა ეთნიკური წმენდა, მოთხოვნა დაისვა მისი ჯარების მყისიერი გაყვანის, ხოლო იქამდე, საერთოდ დიალოგსაც აზრი არ აქვსო. ყველა საკითხში, რასაც რუსეთი გვაბრალებდა, გენოციდი და ა.შ. ყველაფერში გაიმარჯვა მაშინ ქართულმა დელეგაციამ და ამიტომ, რუსეთის დელეგაციამ მაშინ პროტესტის ნიშნად დატოვა დარბაზი, როცა ეს რეზოლუცია მივიღეთ.
მაგრამ ყველაფერი ვერ გაიტანა ქართულმა მხარემ და ერთ საკითხში და ერთ მუხლში, რომელიც გულისხმობდა მოვლენების ესკალაციას 7 აგვისტოს, იქ იყო ის კომპრომისული ტექსტი, რომელიც მე არ მომწონდა და ამის წინააღმდეგი ვიყავით, მაგრამ ამ კომპრომისით გავიდა.
ჯამში, საქართველომ არათუ მოიგო, ცალსახად მოიგო ამ პოლიტიკური პოზიციონირებით, რადგან კონტაქტი იყო ძალიან მკაფიო. სალომე ზურაბიშვილი და "ქართული ოცნება" როგორც აბრალებს საქართველოს ომის დაწყებას, ასე კი არ წერია იქ, პირიქით, იქ წერია, რომ დაპირისპირება დაიწყო იქამდე, ხოლო 7 აგვისტოს მოხდა ესკალაცია,"-აღნიშნა გიგა ბოკერიამ.