საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის საკითხი არჩევნებამდე მთავარ ინტრიგად რჩება. მიხეილ სააკაშვილი ირწმუნება, რომ 2 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს სამშობლოში ბრუნდება.
"კურიერი" შეეცადა გაერკვია კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მოლოდინები და განწყობები. ექსპრეზიდენტის ერთ-ერთი მხარდამჭერის, იური კუჩირუკის მოსაზრებით, სააკაშვილს საპატიმრო დაწესებულებაში დიდხანს არ დააყოვნებენ.
"თუ მას დააკავებენ, ან წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსებენ, ვფიქრობ, რომ ის იქ დიდხანს არ გაჩერდება. ეს დიდი დარტყმა იქნება - პრეზიდენტს თავისუფლება შეუზღუდო, რომელმაც საკუთარ ხალხს ბევრი რამ გაუკეთა. ვფიქრობ, რომ ქართველებიც ისევე გულანთებულები არიან, როგორც უკრაინელები და სწორ დასკვნებს გააკეთებენ. რაც შეეხება პარტნიორებს, ისინი მხარს უჭერენ ძალაუფლების მშვიდობიანად გადაცემას. სააკაშვილმა ეს 2012 წელს გააკეთა. ბოლო პერიოდში არჩევნების ფალსიფიკაციასთან დაკავშირებით, რაც ვნახეთ, ვფიქრობ, რომ ევროპელები ამას უნდა დააკვირდნენ. რაც შეეხება სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში პოლიტიკური ტემპერატურის აწევის საკითხს - ეს პოლიტიკა და ბრძოლაა,"-აცხადებს კუჩირუკი.
ანალიტიკოსი ვლადიმერ ლანდა აღნიშნავს, რომ 2 მთავარ პოლიტიკურ პარტიას შორის არჩევანის გაკეთება ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, სააკაშვილის ჩამოსვლით აწეული პოლიტიკური ტემპერატურა კი, მის უარყოფით კონტექსტს სულაც არ ნიშნავს.
"თუკი ტემპერატურა აიწევა, ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად უარყოფითი იქნება, მთავარია, ყველაფერი დასრულდეს მშვიდობიანად და ხალხს ზიანი არ მიადგეს. რამდენადაც ვხვდები, საერთაშორისო პარტნიორებს არ შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა 2 მთავარ პოლიტიკურ პარტიასთან. მე ვუსურვებ ქართველ ხალხს დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება. საერთაშორისო პარტნიორებს პატივი უნდა ვცეთ, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ ეროვნული ინტერესები," -აცხადებს ანალიტიკოსი.