"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოში არ იმყოფება.
ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოები ბათუმში არ არის ჩაწერილი.
"ზუსტად 9 წლის წინ ამ დღეს საქართველოსი განხორციელდა დემოკრატიული გარდატეხა და ამ 9 წლის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა უპრეცედენტო წინსვლა ყველა მიმართულებით. ხვალ არის არჩევნების დღე და ამ არჩევნებზე კიდევ ერთხელ უნდა გამოხატოს ქართველმა ხალხმა თავისი ნება. რა თქმა უნდა, გვემუქრებიან მოძალადეები და მოღალატეები, კოალიციური მთავრობით და ა.შ, თუმცა, ხვალ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ბუნებრივია, მნიშვნელოვანია საზოგადოების მობილიზაცია იმისათვის, რომ დაფიქსირდეს სათანადო შედეგი, რათა გაგრძელდეს ადგილობრივი თვითმმართველობის შემდგომი განვითარება.
რაც შეეხება სააკაშვილს - სააკაშვილი საქართველოში არ არის, ეს პირველი. ეს ადამიანი არის კლოუნი, ამას გეუბნებოდით მანამდეც და ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მის მიერ. მესამე, ნეტა ყოფილიყო საქართველოში, ამ შემთხვევაში საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავდა როგორი კლოუნია მიხეილ სააკაშვილი და ამით საბოლოოდ დასრულდებოდა ის სიმახინჯე, რომელიც არის ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაციის კუთხით.
მიხეილ სააკაშვილი არ არის ბათუმში, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო არ არის ჩაწერილი საქართველოში, ეს არის ის, რაც თამამად შემიძლია გითხრათ.
სააკაშვილის ეს საქციელი ემსახურება შემდეგს - მგონი, თვითონაც არ არის იმ დონეზე სულელი, ეგონოს, რომ ამით მის მხარდამჭერებს უფრო მეტად დაამობილიზებს, ვიდრე ჩვენს მხარდამჭერებს, მას უფრო აწუხებს შიდაპარტიული ამბები, მას უნდა, რომ თავის თავზე, თავის "ფეიკზე" მიიწეროს ის 25%-იანი შედეგი, რომელიც შეიძლება მიიღოს ამ პარტიამ 2 ოქტომბრის არჩევნებში.
სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში, შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით. თუმცა, საბოლოოდ, კანონი მაინც აღსრულდება,"-აცხადებს კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და გამოყენებული ტექნოლოგიების შესახებ, ცოტა ხანში, მმართველ გუნდში განცხადება გაკეთდება.