"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის საზღვარი არ გადაუკვეთავს.
მისი თქმით, გავრცელებული ვიდეოები Deepfake ტექნოლოგიით არის შექმნილი.
"საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება შეუძლებელია. მე მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასეთი ანთებულები მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას, ჩართვებს აკეთებთ, რომ აქ იყო და აქ გაიარა, იქ გამოიარა. უკაცრავად, მაგრამ ან მართლა ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, ან ჩართული ხართ თაღლითობაში და დავანებოთ თავი ამ თაღლითობას.
პირველი - ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, სადღაც შემძვრალია და იმალება და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით, ამაზე არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის, ხვდებით ალბათ, რომ ამაზე მარტივად გვექნება ინფორმაცია.
მეორე, შარშან, ალბათ, გახსოვთ, რომ ირაკლი კობახიძემ გააკეთა პრევენციული ბრიფინგი, მართლა საშინელებას აპირებდნენ და ამ პრევენციულმა ბრიფინგმა მაშინ უზრუნველყო, რომ deepfake არ გააკეთეს, მაშინ მიშაზე არ იყო საუბარი, ამ კლოუნზე. მაშინ საუბარი იყო სხვა, ძალიან ბინძურ deepfake-ზე, შარშან არ გააკეთეს და წელს გამოიყენეს, როგორც ჩანს, ეს მეთოდი. ამას ახლა ტექნიკოსები გაარკვევენ, მარტივი დასადგენია და ამასაც დაზუსტებით გეტყვით, მაგრამ ახლა დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს კაცი არ გასულა არსად უკრაინიდან,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.