"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში დაბრუნებულიყო. როგორც ის ამბობს, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა იცოდა, რომ მის ჩამოსვლას დაკავება მოჰყვებოდა და ეს ნაბიჯი შეგნებულად გადადგა.
"დღეს ყველა ვხედავთ "ოცნების" ისტერიასა და ჩამოშლას, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნების გამო. ეს, რომ ნორმალური ხელისუფლება იყოს, საერთოდ არ უნდა ექციათ მე-3 პრეზიდენტი დევნილად. მთელს მსოფლიოში აბუჩად არ აეგდოთ საკუთარი თავი და ქვეყანა და ძებნილად არ გაეხადათ კაცი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი ცვლილებები მოიტანა ქვეყანას. მას სრული უფლება ჰქონდა თავის ქვეყანაში ჩამოსვლის. დღეს ის ნამდვილად საქართველოშია, ის დააკავეს, მაგრამ მან იცოდა რაზე მოდიოდა და შეგნებულად გადადგა ეს ნაბიჯი.
ხვალინდელი გამარჯვების შემდეგ, ისიც გათავისუფლდება და ქვეყანაც. ციხეში ყოფნა არ არის პრობლემა, განსაკუთრებით მისთვის. პრობლემა არის, როდესაც ქვეყანა ემსგავსება დახავსებულ ციხეს და ეს არის მისთვის განსაკუთრებული პრობლემა. საერთო გამარჯვების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილიც, როგორც საქართველოს უამრავი მოქალაქე მოგვილოცავს ისტორიულ გამარჯვებას. ჯერ ციხიდან, მაგრამ ძალიან მალე თავისუფლებაზე," - აცხადებს ნიკა მელია.