საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე, რომელიც 1 თვიანი პაუზის შემდეგ განახლდა, დეპუტატებმა, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხი განიხილეს.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს მანდატის გაუქმების მოთხოვნით თავად მიმართა. ამის მიზეზად ნიკა მელიამ შარლ მიშელის დოკუმენტიდან "ქართული ოცნების" გასვლა დაასახელა.
ოპოზიციონერი დეპუტატები მმართველ გუნდს შეახსენეს თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც რამდენიმე თვის წინ 50-ზე მეტი დეპუტატის მიმართვის მიუხედავად, მათ არ შეუჩერდათ უფლებამოსილება.
"ველოდი, რომ თქვენ დღეებს დაასახელებდით, რამდენი დღე იყო გასული ჩვენი განცხადების შემდეგ, 3 აგვისტოს შემდეგ, როდესაც ნიკა მელიამ შემოიტანა თავიდან ინდივიდუალური განცხადება, ამის შემდეგ მოვისმინე პოლიტიკური შეფასებები - სიტყვები "ახირება", "დემოკრატიის დასამარება" - თქვენი პირადი შეფასებები მოვისმინე ნაცვლად იმისა, რომ პასუხი გაგეცათ შეკითხვაზე,"- აცხადებს "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, ახლა განსხვავებული ვითარებაა და ნიკა მელიას მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველს ვერ ხედავენ, რადგან ეს ინდივიდუალური მოთხოვნაა და ვერ გამოიწვევს ინსტიტუტის ფუნქციონირების თაობაზე კითხვის ნიშნების დასმას.
"განსხვავება გახლდათ ასევე ის, რომ მაშინ იყო კოლექტიური გადაწყვეტილება, ახლა არის ინდივიდუალური. კოლექტიური გადაწყვეტილება ემსახურებოდა საბოტაჟს და მაშინ არ მივეცით ოპოზიციას ამ საბოტაჟის უფლება და საშუალება, ხოლო როდესაც შემოაქვს ადამიანს განცხადება უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე და ეს არ არის კოლექტიური განცხადება და არ შეიძლება იწვევდეს საბოტაჟს, ინსტიტუტის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ რაღაც კითხვებს და ამ ინსტიტუტის დაკოჭლებას, მაშინ საქმე მიდის იქამდე, როგორც მიდის ნებისმიერ შემთხვევაში,"- აცხადებს მამუკა მდინარაძე.