შარლ მიშელის განცხადება დილიდან შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რეფორმები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაშია გაწერილი ქვეყანას სჭირდება და მნიშვნელოვანია განხორციელდეს.
"ვფიქრობ, რომ არამხოლოდ არ დაკარგულა მიშელის დოკუმენტის, არამედ ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ეს აქტუალობა დღეს კიდევ უფრო მნიშნველოვანია," - განაცხადა პარლამენტის წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
"რეფორმები, რომელიც არის იმ დოკუმენტში ასახული, მიშელს კი არ სჭირდება, ეს რეფორმები სჭირდება საქართველოს და თუ საქართველოს მომავალზე, მის დემოკრატიულ პროცესზე შესტკივათ გული მმართველ პარტიას, მაშინ რა თქმა უნდა, უნდა დავიწყოთ ეს რეფორმები და მსჯელობა როგორ უნდა გავიდეთ ბოლოში. იქ არის წინააღმდეგობრივი მუხლები, რომელსაც მეც არ ვეთანხმები, მაგრამ ის, რომ სასამართლოს რეფორმა ჩასატარებელია და პარლამენტში ოპოზიციის როლი გასაზრდელია, ამაზე ყველა ვთანხმდებით," - აღნიშნა "მოქალაქეების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ "19 აპრილის შეთანხმება თავის დროზე ექვსთვიანი საბოტაჟის შედეგი იყო."
"ოპოზიცია საბოტაჟს აწარმოებდა ქვეყნისა და დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ. ამის საფუძველზე ჩვენ ქვეყანას გავუწიეთ ანგარიში და ხელი მოვაწერეთ 19 აპრილის შეთანხმებას. თუმცა ამ შეთანხმებას, რომ არ ჰქონდა არავითარი პოლიტიკური საფუძველი, დღეს ძალიან კარგად დაინახა ყველამ. ჩვენ გავიმეორეთ ზუსტად ის შედეგი, რაც გვქონდა წინა საპარლამენტო არჩევნებზე. რაც შეეხება რეფორმებს, დავუშვათ სასამართლო სფეროში, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ რეფორმების გასაგრძელებლად. თავის დროზე ვთქვით, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარეშეც მზად ვიყავით ასეთ რეფორმებზე გვემსჯელა. მზად ვართ, ნებისმიერი რაციონალური წინადადება განვიხილოთ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი Twitter-ზე წერს, რომ არჩევნების შემდეგ, ახლა მნიშნველოვანია ქვეყანა 19 აპრილის შეთანხმებაში გათვალისწინებულ რეფორმებს დაუბრუნდეს. შარლ მიშელი განმარტავს, რომ განსაკუთრებით მნიშნველოვანია კანონის უზენაესობისა და სასამართლო სფეროს ნაწილი.