ნიკა მელიას, უკვე მესამედ, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. დადგენილებას მხარი 79-მა კანონმდებელმა დაუჭირა, მოწინააღმდეგე არც ერთი არ ყოფილა. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ მანდატის გაუქმების მოთხოვნით, პარლამენტს ივლისში თვითონ მიმართა.
ნიკა მელიამ მიზეზად წინასაარჩევნო კამპანია და "ქართული ოცნების" მხრიდან შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირება დაასახელა.
"ასე ფორსირებულად იმიტომ შეუწყვიტეს ნიკა მელიას უფლებამოსილება, რომ მისი ეშინიათ. უნდათ რომ მას არ ჰქონდეს იმუნიტეტი და ამით ჰგონიათ, რომ რაღაც აქტიურობას შეარბილებენ მისას, მაგრამ ეს გამორიცხულია,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრი რომან გოცირიძე.
პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მას ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს არ ემხრობა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”მოქალაქეები” წევრი ლევან იოსელიანი კი აცხადებს, რომ ნიკა მელიასთვის ამ განცხადების შეტანა არავის დაუძალებია.
"გულწრფელად მჯერა, რომ მას პარლამენტში ყოფნა არ უნდა. არც ის მიმაჩნია სწორად აიძულო ეს ადამიანს. როდესაც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამ, რატომ არ უნდა დაუჭირო მის გადაწყვეტილებას მხარი,"- აცხადებს ლევან იოსელიანი.
მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ როდესაც უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადება შედის, პარლამენტი ვალდებულია, ეს პირველ საკითხად განიხილოს.
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტა მათი ვალდებულება იყო.
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ვისაც პარლამენტში მუშაობა უნდა უნდა იმუშაოს.
"ვისაც უნდა იმუშაოს პარლამენტში, ვისაც არა, აგერ ქუჩაა და მიხედოს ტავის საქმეს,"- აცხადებს ირაკლი ზარქუა.