16 ნოემბერი 2024,   18:01
ვრცლად
საქართველომ 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა - ევროპარლამენტი 

ევროპარლამენტი საქართველოს ადგილობრივი არჩევნების პირველ ტურთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ პოლარიზებული პოლიტიკური გარემოს მიუხედავად, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩატარდა.  

"გვსურს ვაღიაროთ, რომ საქართველომ, ევროკავშირის მნიშვნელოვანმა პარტნიორმა, 2 ოქტომბერს კონკურენტუნარიანი და კარგად მართული ადგილობრივი არჩევნები ჩაატარა, მიუხედავად უკიდურესად პოლარიზებული პოლიტიკური გარემოსა და რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაციისა. თუმცა, წინასაარჩევნო გარემო არ უზრუნველყოფდა თანაბარ პირობებს კონკურენტი მხარეებისა და კანდიდატებისთვის და ძირითადი ყურადღება ადგილობრივი საკითხებიდან ეროვნულ საკითხებზე იყო გადატანილი. ცნობად ვიღებთ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, რომლის თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა ხმების 46.6% მოიპოვეს და 43%-იანი ბარიერი გადალახეს, რაც, ევროკავშირის შუამავლობით მიღებული 19 აპრილის შეთანხმების თანახმად, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას გამოიწვევდა.

ამომრჩეველს რეალური არჩევანი მიეცა სხვადასხვა პოლიტიკურ ალტერნატივას შორის. არჩევნები ზოგადად კარგად იყო ადმინისტრირებული და კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ჩაეტარებინათ კამპანია. კენჭისყრის დღემ მოწესრიგებულად და გამჭვირვალედ ჩაიარა, მიუხედავად პროცესის დროს გარკვეული პროცედურული პრობლემებისა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომები დაინტერესებული მხარეებისთვის ღია იყო და პირველად მოხდა მისი ტრანსლირება, რამაც გამჭვირვალობა გაზარდა.

ძალიან ხშირად, პირადი თავდასხმები პოლიტიკურ დებატებზე ჭარბობდა, რაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას ართმევდა. საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენების შემთხვევები, ისევე როგორც გავრცელებული ბრალდებები მოსყიდვისა და კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების შესახებ მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული.

ევროპარლამენტის განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს მომავალი არჩევნების გათვალისწინებით, ეუთოს/ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება კამპანიის დაფინანსებას, დავების გადაწყვეტასა და საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებას – ასევე აუცილებელია პოლიტიკაში ქართველი ქალების არასაკმარისი წარმომადგენლობის გათვალისწინება.

არჩევნების მეორე ტურის წინ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს, აღმოიფხვრას პირველი ტურის დროს დაფიქსირებული ბოროტად გამოყენების შემთხვევები. ვიმედოვნებთ, რომ პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობასა და სიმწიფეს გამოიჩენს: მათ თავიანთი ერის ინტერესი პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, დაპირისპირების გვერდი უნდა გადაშალონ ერთხელ და სამუდამოდ და ძალიან საჭირო რეფორმები განახორციელონ. ევროპარლამენტი მზად არის, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, მათ შორის დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობის ფარგლებში, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები მზადყოფნას გამოხატავენ კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში," – აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები