2 ოქტომბრის არჩევნებს კონკურენტულად და გამჭვირვალედ ევროპარლამენტარების მიერ დაკომპლექტებული დელეგაცია აფასებს. საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ 19 აპრილის შეთანხმების მიხედვით, დათქმულ 43%-ს მმართველმა გუნდმა გადააჭარბა, რაც ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
კახა კალაძემ დღეს ოპონენტებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნები მოიგო. მმართველი პარტიის მერობის კანდიდატი ახლა საბოლოო გამარჯვებას, მე-2 ტურში ელოდება.
ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი, ცესკოს მონაცემების მიხედვით თანხმდება, რომ ვადამდელი არჩევნების თემას საფუძველი გამოეცალა. 2 ოქტომბრის შემდეგ, მათ განცხადებებში რიგგარეშე არჩევნების საკითხზე თითქმის აღარ საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების მეორე ნაწილისთვის კითხვა ახლა სწორედ ის არის, თუ რა პირობებში გადალახა "ქართულმა ოცნებამ" 43%-ანი ბარიერი.
ევროპარლამენტარების საერთო განცხადებაში, 43%-იანი ზღვარის გადალახვაზე საუბარმა, მმართველი პარტიის შეფასებით, წერტილი დაუსვა ოპოზციის სპეკულაციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ.
ევროპელი პოლიტიკოსების შეფასება რეკომენდაციებსაც მოიცავს. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ მუნიციპალურ არჩევნებში აქცენტი ადგილობრივის ნაცლად ძირითადად ეროვნულ საკითხებზე კეთდებოდა.
30 ოქტომბერს, ამომრჩეველს ქვეყნის მასშტაბით 20 ქალაქში არჩევანის გაკეთება კიდევ ერთხელ, მე-2ტურში მოუწევს. ამის შემდეგ კი სადამკვირვებლო დელეგაციის წევრები მუნიციპალურ არჩევნებთან დაკავშირებით საბოლოო შეფასებას მოამზადებენ.