16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
"მიდის სერიოზული მზადება, გვაქვს გამარჯვების მოლოდინი" - ოპოზიცია მეორე ტურის მოგებისთვის ემზადება

თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურისთვის ოპოზიციას სრული მობილიზება აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ არჩევნების მეორე ტურში ის მოქალაქეებიც მიიღებენ მონაწილეობას, რომელთაც 2 ოქტომბერს არჩევნებზე მისვლისაგან თავი შეიკავეს.

"მიდის სერიოზული მზადება, გვაქვს გამარჯვების მოლოდინი, რომელსაც აჩვენებს ყველა ინდიკატორი და, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების განწყობა. განსაკუთრებით, იმ ადამიანების, რომლებიც მაშინ თავს იკავებდნენ და დღეს უკვე დარწმუნდნენ გამარჯვებაში; რომლებმაც პირველ ტურში არ მიიღეს მონაწილეობა და უკვე ვიცით, რომ ბევრი აპირებს გამოსვლას და ამ რეჟიმის დამარცხებას,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე. 

"სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე ფიქრობს, რომ ახლა მათ მეტი კოორდინაცია სჭირდებათ, რადგან მმართველი გუნდის დამარცხება ახლა გაცილებით უფრო რთული იქნება. 

"ყველა ხელისუფლების პირობებში, მეორე ტურის მოგება ძალიან რთულია, ოპოზიციის კანდიდატებისთვის, რადგან ხელისუფლების ხელშია დიდი ადმინისტრაციული რესურსი, დიდი ოდენობის შავი ფული და მათ შეუძლიათ 4-5 უბანზე, ოლქზე, კონცენტრირდნენ და დიდი რესურსი დახარჯონ. უფრო მეტი კოორდინაცია გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა მთავარ საკითხებზე ოპოზიციაც, ხელისუფლებაც, ყველა პარტია უნდა შევთანხმდეთ, რომ ფუნდამენტი და საყრდენი ამ ქვეყნის არის სამართლიანი არჩევნები,"-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

"ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ოპოზიცია მეორე ტურში გაიმარჯვებს და ეს იქნება ქვეყნის მასშტაბით კოალიციური მმართველობის დასაბამი. 

"ვემზადებით იმისათვის, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს უკლებლივ ყველა ქართულ ქალაქში, ჩვენ ყველა მეორე ტურს მოვიგებთ, რადგან განწყობა არის სრულიად ცხადი - ქართველი ხალხი ირჩევს განახლებას, ირჩევს იმას, რომ "ქართული ოცნების" ერთმმართველობა დასრულდეს, ჩვენ გავიმარჯვებთ უკლებლივ ყველა მეორე ტურში, რაც იქნება დასაბამი, რომ კოალიციური მთავრობა შეიქმნას ეროვნული მასშტაბით,"- აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

დღის ამბები