ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ავარიულ სახლებთან დაკავშირებით მერიის მიდგომებზე ისაუბრა. მისი განმარტებით 4 წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა 365 ავარიული შენობის გამაგრება შეძლო და ამ მიმართულებით მუშაობა დაგეგმილია მომდევნო წლების განმავლობაშიც.
მისივე ინფორმაციით, შედგენილია კონკრეტული პროექტიც, რომელიც შენობის არა გამაგრებას, არამედ მთლიანად ჩანაცვლებას ითვალისწინებს. ირაკლი ხმალაძის თქმით, თბილისში ამ დრომდე 10 000-მდე ავარიული შენობაა.
"365 ავარიული შენობის გამაგრება დასრულდა, 62 შენობის გამაგრება ამ მომენტშიც მომდინარეობს. ავარიული შენობის გამაგრება არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტა, სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა დავიწყოთ ავარიული სახლების მთლიანად ჩანაცვლება და მოსახლეობას უნდა გადავცეთ სრულიად ახალი აშენებული და გარემონტებული ფართი," - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.