პრეზიდენტმა ვენაში ვიზიტი ავსტრიაში მოღვაწე ქართველებთან სამუშაო შეხვედრით დაიწყო, რომელსაც სახელოვნებო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პრეზიდენტთან შეხვედრაზე ცნობილმა მუსიკოსებმა, კომპოზიტორებმა, საოპერო სფეროს წარმომადგენლებმა, ასევე, ექიმებმა და სამედიცინო სექტორში მოღვაწე მეცნიერებმა პრეზიდენტს ის საკუთარი ინიციატივები წარუდგინეს, რომელთა განხორციელებაც საქართველოში აღნიშნული მიმართულებების განვითარებას და პროგრესს გამოიწვევს.
ვენაში მოღვაწე სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით კარგი იქნება, თუკი საელჩოსთან თანამშრომლობით ვენაში შეიქმნება ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული ხელოვნებისა და კულტურის პოპულარიზაციას.
"ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსი და გარეთ გასატანი ღირებულება - ჩვენი კულტურაა. ამ მხრივ ნებისმიერ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა, იმდენის გაკეთება, რაც თითოეულ თქვენგანს თავისი ნიჭითა და შრომით შეუძლია. დღეს თავისუფლების დროა და ეს თავისუფლება გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ წარმოაჩინოს საკუთარი თავი. ეს წარმატება თქვენია, თუმცა ის სახელმწიფოსიცაა," - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
შეხვედრისას საუბარი შეეხო სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ახალი მიმართულებების შექმნასა და დაფინანსებას, მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში ქართველი სტუდენტების სწავლის საფასურის ევროკავშრის მოქალაქეების სწავლის საფასურთან გათანაბრების საკითხს, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს ახალგარზდა ელჩმა მარიამ რურუამ დასვა და აღნიშნა, რომ ქართველი სტუდენტებისათვის ძალიან დიდი შეღავათი იქნება, თუკი ეს საკითხი მოგვარდება. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, აღნიშნული თემა საქართველოს ევროკავშირში სექტორული ინტეგრაციის მიმართულებებში განიხილება. მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკითხი უკვე განიხილა ბრიუსელში დავიდ სასოლისთან შეხვედრისას და იგეგემება, რომ ეს თემა გადაიჭრას ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანასთან თანამშრომლობით.
პრეზიდენტმა საჩუქრად ხელოვანებს სანოტო წიგნები გადასცა.