NATO-ს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს. რეზოლუციის მიხედვით, ასამბლეა გმობს რუსეთის მუდმივ ძალისხმევას საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის მიმართ წაახალისოს დესტაბილიზაცია, მათი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადაყვანის მიზნით.
ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველების მიმართ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო. ისმის მოწოდებაც სახელმწიფოების მიმართ, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გაძლიერდეს.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში კარენ დონფრიდი აცხადებს, რომ აშშ მიისწრაფვის რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობისთვის, რაც რუსეთზეა დამოკიდებული.
"რუსეთის აგრესია უკრაინასა და საქართველოში საკმაოდ ნათლად აჩვენებს, რომ კრემლი ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ცინიკურად უგულებელყოფს. დევნის პოლიტიკურ ოპონენტებს, როგორიცაა მაგალითად ალექსეი ნავალნი და სხვები. ასევე რუსეთი მუდმივად იყენებს ქიმიურ იარაღს მათ შორის ნატო-ს მოკავშირეების ტერიტორიაზე. ამერიკის შეერთებული შტატები მიისწრაფვის რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობისთვის, ეს კი რუსეთზეა დამოკიდებული," - აცხადებს კარენ დონფრიდი.
აშშ-ს კონგრესმენი ბრენდან ბოილი ამბობს, რომ მათ უნდა გააძლიერონ საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერა, ვინაიდან ეს ქვეყნები ატარებენ ევროპულ რეფორმებს და მიისწრაფვიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინისა და საქართველოს მხარდაჭერა, რადგან ეს ქვეყნები ატარებენ ევროპულ რეფორმებს და მიისწრაფვიან ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ. წარმატებული საქართველო და წარმატებული უკრაინა შესძლოა აღმოჩნდეს ეფექტური კატალიზატორი რუსეთის ცვლილებისთვის . ეს რეზოლუცია არის საკამაოდ ვრცელი და მოიცავს რიგ სპეციფიურ რეკომენდაციებს," - აცხადებს ბრენდან ბოილი.