პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტზე მსჯელობა გრძელდება. 2022 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს კომიტეტებზე განიხილავენ. ცნობილია, რომ პროექტს მხარს არ დაუჭერს ოპოზიციის ნაწილი.
მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს პროექტი არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს. მათ მიაჩნიათ, რომ ეს დეფიციტური ბიუჯეტია.
ოპოზიციის ნაწილის თქმით, 2022 წლის ბიუჯეტი საფრთხეს უქმნის ლარის კურსის სტაბილურობას და ის მორგებულია მმართველი გუნდის ბიუროკრატიულ ხარჯებზე.
უმრავლესობის წარმომადგენლები კი განმარტავენ, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიების გაზრდა.
ოპოზიციისგან განსხვავებით, უმრავლესობაში ბიუჯეტის პროექტი კარგად დაგეგმილად მიაჩნიათ, მთავარ არგუმენტად კი ასახელებენ იმას, რომ ამ პროექტში ქვეყნის საგარეო ვალი შემცირებულია და ასევე, გათვალისწინებულია პენსიების ზრდა.
"ბიუჯეტი დაგეგმილია დაახლოებით 4.4 დეფიციტურ ხარჯვაზე. ისევე როგორც სამთავრობო ვალი შემცირებულია 61%-დან 52%-მდე. რაც შეეხება ბოიკოტს, არც აქამდე მიუღია რადიკალურ ოპოზიციას მონაწილეობა ბიუჯეტის დამტკიცებაში და არც ახლა. ასე რომ, დიდი მოლოდინები არც გვაქვს,"- აცხადებს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა.
ძირითადი პუნქტები, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩაიწერა: ბიუჯეტი ითვალისწინებს 6%-იან ეკონომიკურ ზრდას. გათვალისწინებულია ისიც, რომ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლას, მოხმარდება 500 მილიონი ლარი. 2020 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებულია 18 მილიარდის მოცულობაზე.