რა ნაბიჯები უნდა გადადგას NATO-მ კრემლიდან მომდინარე საფრთხეების პასუხად - რეზოლუციით, რომელშიც საუბარი საქართველოზეც არის, ალიანსი გმობს რუსეთის აგრესიას და მხარდაჭერას უცხადებს მსხვერპლ სახელმწიფოებს. დოკუმენტში საუბარია მსგავსი ქვეყნების გაძლიერებაზეც.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მთავარ გზავნილებს უკვე მოჰყვა შეფასება თბილისში. როგორც აღნიშნავენ, რეზოლუციას პოლიტიკურთან ერთად აქვს სამართლებრივი დატვირთვაც, რის საფუძველზეც ქვეყანას შეუძლია იყოს უფრო თამამი ალიანსთან კომუნიკაციის პროცესში.
"შეიძლება ახლა ვინმეს ეჩვენება, რომ ეს დოკუმენტი ახლა არაფერს წყვეტს, მაგრამ, აუცილებლად რაღაც მომენტში, ეს იქნება ფასეული და ღირებული. ამიტომ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ეს რეზოლუცია, სადაც რუსეთის მოქმედებები დაგმობილია, ძალიან ფასეულია საქართველოსთვის, ოღონდ ამას სჭირდება მიყოლა, ხელისუფლება ამაზე კაპიტალიზაციას უნდა ახდენდეს. საერთაშორისო მხარდაჭერა ეფექტურია მაშინ, როცა შენ შენს ქვეყანაში ხარ აქტიური, იბრძვი და ამ პრინციპებისთვის ბევრ რამეს აკეთებ,"- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი.
რეზოლუცია დადებითად შეაფასა სალომე სამადაშვილმა, თუმცა აღნიშნა, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები შემაშფოთებელია.
"ჩვენი დასავლელი პარტნიორები მხარს უჭერენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია NATO-დან, თუმცა ამ ფონზე, როდესაც, ვფიქრობ, რომ ძალიან ნათელი არის გამყოფი ხაზები თავისუფალ სამყაროსა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შორის რეგიონში, საგანგაშოა ჩემთვის ბატონი ზალკალიანის განცხადებები, რაც შეეხება რუსეთის გეოპოლიტიკურ პროექტებში ჩვენი ქვეყნის შესაძლო თანამონაწილეობას,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ოპოზიციის კრიტიკა მხოლოდ პოლიტიკური კონიუნქტურის შექმნას ემსახურება.
"ამ კრიტიკის მიზანი პოლიტიკური კონიუნქტურის შექმნაა, რომ თითქოს რაღაც ისე არ არის, როგორც უნდა იყოს. იყო მნიშვნელოვანი ძვრები მსოფლიო პოლიტიკაში, რის შედეგადაც ნატოს წევრები გახდნენ სახელმწიფოები, რასაც ვერავინ ვერასდროს ვერ იფიქრებდა. ამიტომ, ჩვენ სამართლებრივად და პოლიტიკურად, სწორედ მსგავსი დოკუმენტების საშუალებით, ჩვენი თავდაცვის უნარიანობისა და ქვეყნის გაძლიერებით, დემოკრატიული პროცესების გაძლიერებით, ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ როცა საჭირო გახდება, ნატოს წევრები გავხდეთ,"- აცხადებს გიორგი ხელაშვილი.