რაში დაიხარჯება სახელმწიფო ფინანსები მომავალ წელს - ბიუჯეტის პროექტში მთავრობის მიერ შედგენილ და გადანაწილებულ თანხებს საკანონმდებლო ორგანო კომიტეტებში განიხილავს. პროექტის პირველადი ვერსიით, სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 18 მილიარდ 443 მილიონს აჭარბებს. პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკა 6 პროცენტით უნდა გაიზარდოს.
6,9%-დან 4,4%-მდე ამცირებენ დეფიციტის მაჩვენებელს, საბოლოო მიზანი 3 პროცენტია, თუმცა, ქვეყნის მთავარ საფინანსო დოკუმენტზე პასუხისმგებელი უწყება ამ მაჩვენებელს მხოლოდ 2023-ში უმიზნებს. ტრადიციულად ყველაზე მეტ ფულს ინფრასტრუქტურა და ჯანდაცვა მიიღებს.
ხელისუფლება ორ მიზანს ისახავს: ეკონომიკის აღდგენა და სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილება. მთავრობაში ამბობენ, რომ პარამეტრებიც და ფინანსების გადანაწილების სტრატეგიაც ამ მიზნებს მოარგეს. იზრდება პენსია, რასაც კანონი ითვალისწინებს, 100 ლარიანი მატებაა მასწავლებლების ხელფასებშიც, თუმცა წლევანდელთან შედარებით მცირდება პანდემიასთან დაკავშირებული ხარჯები. იკლებს საგარეო ვალიც, 52,7 მეათედ პროცენტამდე.
მთავრობის არც დაგეგმილი და არც გაწერილი მოსწონს ოპოზიციას. ის, რაც ხელისუფლებისთვის საჭიროებებზე მორგებულია, ოპონენტებისთვის დეფიციტური და კონტექსტიდან ამოვარდნილია. მმართველ გუნდს, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საკუთარ ინტერესებზე მორგებაში ადანაშაულებენ.
შენიშვნები აქვთ, თუმცა ოპოზიციის ნაწილი ბიუჯეტის პროექტის განხილვებს არ დაესწრება, ნაწილი მსჯელობაში აქტიურ მონაწილეობას აანონსებს და პროექტის ავტორისთვის დასასმელი კონკრეტული შეკითხვებიც უკვე მზად აქვს.
ოპონენტების კრიტიკას არ იზიარებენ მმართველ გუნდში. მათთვის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი სწორად დაგეგმილია, ხელისუფლებაში არც ის უკვირთ, რომ ოპოზიციის ნაწილი განხილვებში მონაწილეობაზე უარს ამბობს.
ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიის საკომიტეტო განხილვები კიდევ 6 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 18 ოქტომბერს საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომით დასრულდება, რის შემდეგაც პროექტი მთავრობას შენიშვნებით და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.
აღმასრულებელი ხელისუფლება კანონით ვალდებულია, რომ ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესწორებული პროექტი საკანონმდებლო ორგანოს არა უგვიანეს 5 ნოემბრისა წარუდგინოს.