16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მონიტორინგის წარმოებაზე - ადრესატები მსჯელობას იწყებენ

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მონიტორინგის წარმოების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივაზე მიმართვის ადრესატები მსჯელობას იწყებენ. საუბარია, პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის უფლებების დაცვის მონიტორინგზე. 

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ კონსულტაციები საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციასთანაც გაიმართება.  

"გვექნება კონსულტაციები, მათ შორის, ოპოზიციასთან და შესაბამისად, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, შეთანხმებული ფორმატით ვიმუშაოთ. ასეთია ჩვენი განწყობა და დამოკიდებულება ამ საკითხით ირგვლივ. შევეცდებით, რომ მაქსიმალურად მაღალი იყოს, ერთის მხრივ, უფლებების დაცვაზე მონიტორინგის პროცესი, მეორეს მხრივ - საზოგადოების ინფორმირებულობა,“ - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე ინიციატივას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია არ უნდა გავრცელდეს. 

"ჩვენ იუსტიციის სამინისტროს შემოთავაზებას მივიღებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი, რომ იქნას მრავალსაფეხურიანი დაზღვევის მექანიზმი, რომ ერთი მხრივ, მონიტორინგი გაეწიოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას და ასევე, დავაზღვიოთ ის, რომ არ გავიდეს საზოგადოებაში არასწორი სპეკულაციური ინფორმაცია, რაც კიდევ დამატებით დაძაბულობას გამოიწვევს,“ - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე. 

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას ოპონენტები ეხმაურებიან. ისინი ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმების ყურადღების ნაკლებობას არ განიცდის. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მის მიერ შიმშილობის დაწყებამ გააუარესა.

"პრობლემებს ვერ გადაწყვეტს ექიმები, მაშინ როდესაც პრობლემები უნდა გადაწყვიტოს ხალხმა და ხელისუფლებამ ერთად, ანუ უნდა მოხდეს ცვლილებები,“ - აცხადებს ნიკა ობოლაძე. 

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გუშინ, დღის ბოლოს გაავრცელა. უწყებამ მიმართა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და ჯანდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებს და მათ პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის პატიმრის უფლებების დაცვის კონტროლი შესთავაზა. მიმართვის ადრესატი ომბუდსმენთან ერთად იყო ჯანდაცვის მინისტრიც.

დღის ამბები