"ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც ხვალ არის დაგეგმილი, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. უმრავლესობის წევრები, აქვე, აფასებენ დანარჩენი ოპოზიციის გადაწყვეტილებას, არ შეუერთდნენ აქციას.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ აქციებს ლეგიტიმაცია არ აქვს.
"ე.წ. აქციებს, რასაც აანონსებს "ნაციონალური მოძრაობა", არ აქვს ლეგიტიმაცია. არც ქართული საზოგადოების უმრავლესობიდან, არც ჩვენი პარტნიორებიდან და არც საერთაშორისო სასამართლოდან. იმიტომ, რომ არ შეიძლება მართლმსაჯულების აღსრულების პროცესში ხელის შეშლა მოახდინო აქციებით. ეს თავიდანვე ნიშნავს იმას, რომ შენ თუ ხარ პოლიტიკური ძალა, ემიჯნები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანმა.
"ვინც ითხოვს მიხეილ სააკაშვილის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, ის ცალსახად შეურაცხყოფას აყენებს ყველა მისი სისტემის მსხვერპლის ხსოვნას და მისი სისტემის მსხვერპლს, რომლებიც დააზარალა ამ ადამიანმა თავისი მმართველობის პირობებში და ცდილობს, აარიდოს მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა," - აცხადებს ბექა დავითულიანი.
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა ოპოზიციის იმ ნაწილის გადაწყვეტილებას მიესალმება, რომლებიც აქციას გაემიჯნენ.
"როდესაც შალვას ფანჩატურში დაჯდები ნაციონალურ მოძრაობასთან, ამ შემთხვევაში მიიღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს არჩევებზე და სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. ეს იქნება მაგალითი ყველა პარტიისთვის, რომ შენ შენი ნიშა არ უნდა დაკარგო,“ - ამბობს ირაკლი ზარქუა.