16 ნოემბერი 2024,   16:59
ვრცლად
ამ ბიუჯეტს დავარქმევდი უმუშევრობის ზრდის ბიუჯეტს, არც ერთი ფუნდამენტური რეფორმა არ არის გათვალისწინებული - გიორგი ვაშაძე ბიუჯეტის პროექტზე

პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. ფინანსთა მინისტრის მოადგილე დოკუმენტის ძირითად პარამეტრებს ფრაქციებს აცნობს და დეპუტატთა კითხვებსაც პასუხობს.

ოპოზიციისთვის საფინანსო დოკუმენტში არ ჩანს კონკრეტული პრიორიტეტები. კითხვები აქვთ პანდემიის მართვის ხარჯებზეც. 

"მე ვერ დავუჭერ მხარს ბიუჯეტს, რომელშიც 4%-იანი ბიუჯეტია რანაირადაც კარგი არ უნდა იყოს წინა ბიუჯეტთან შედარებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასეთი პრინციპით მიუდგება ფინანსთა სამინისტროს მუშაობას, მომავალში ისეთი ბიუჯეტი გაჩნდება, რომელსაც მე მხარს დავუჭერ. თუ ტენდენცია შენარჩუნდება, შესაძლებელია რამდენიმე წელიწადში კარგი ბიუჯეტიც გვქონდეს," - განაცხადა პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბიუჯეტის პროექტს უმუშევრობის ზრდის ბიუჯეტს უწოდებს.

"ამ ბიუჯეტს მე დავარქმევდი უმუშევრობის ზრდის ბიუჯეტს იმიტომ, რომ არც ერთი რეფორმა ფუნდამენტური არ არის გათვალისწინებული ისეთი, რომელიც ინვესტიციებს მოიზიდავს ქვეყანაში, ეკონომიკას გააუმჯობესებს, სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით რამე უკეთეს გარემოს შექმნის ბიზნესისთვის და ეს არის ძალიან სამწუხარო და წლიდან წლამდე გრძელდება, რომ ფული იხარჯება არაფერში. 18 მილიარდ ნახევარი ლარი უნდათ, რომ მომავალ წელს დახარჯონ უბრალოდ იმაში, რომ ხელფასები გადაიხადონ," - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ ბიუჯეტი შარშანდელი ბიუჯეტისგან თითქმის არ განსხვავდება გარდა იმისა, რომ არის საკითხები, რომლებიც პანდემიამ გამოიწვია.

"მიგვაჩნია, რომ ბევრი ხარვეზი აქვს ბიუჯეტს. არის ბევრი აიპები, რომლებიც არ არის ოპტიმალურად დაფინანსებული," - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

სახელისუფლებო გუნდის განცხადებით, ძირითადი მიმართულებები რაციონალურად არის გაწერილი, აქცენტი კი გაკეთებულია საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაზე. 

"ის, რომ უმუშევართა რიცხვი გაიზრდება არის ალოგიკური. კითხვა იყო თუ რის ხარჯზე იზრდება საშემოსავლო გადასახადები და პასუხი სწორედ ის იყო, რომ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა გვაძლევს დამატებით სამუშაო ადგილებს; გვაძლევს იმას, რომ არსებულს სამუშაო ადგილებზე იზრდება ანაზღაურება," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, საპარლამენტო მდივანმა გიორგი კაკაურიძემ.

დღის ამბები