საქართველოში ამერიკის საელჩო, თავდაცვის მდივნის, ლოიდ ჯეი ოსტინის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე წერს, სადაც აღნიშნულია, რომ ის საქართველოს ამ კვირაში ეწვევა.
"თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი III, ამ კვირაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში, ასევე ეწვევა ბელგიას ნატოს თავდაცვის მინისტერიალში მონაწილეობის მისაღებად.
თავდაცვის დეპარტამენტი ევროპელ მოკავშირეებსა და პარტნიორებს მტკიცედ უჭერს მხარს შავი ზღვის მნიშვნელოვან რეგიონში რუსეთის მიერ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე. თავდაცვის მდივანი მოუთმენლად ელის კოლეგებთან და სხვა მაღალი რანგის მოხელეებთან შეხვედრას, რათა განამტკიცოს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულება უსაფრთხო, სტაბილური და წარმატებული ევროპის მიმართ.
საქართველოში სახელმწიფო მდივანი ოსტინი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზგასმით აღნიშნოს ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და ხელს შეუწყობენ რეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.
უკრაინაში მდივანი შეხვდება პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრ ანდრი ტარანს, რათა დაადასტუროს ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ვიზიტის ფარგლებში განიხილავენ უკრაინის თავდაცვისა და თავდაცვის ინდუსტრიის რეფორმების განხორციელების პროგრესს, რომელიც აუცილებელია ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისა და შავის ზღვის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რეგიონული თანამშრომლობის განსამტკიცებლად.
რუმინეთში მდივანი ოსტინი შეხვდება პრეზიდენტ კლაუს იოჰანისსა და ეროვნული თავდაცვის მინისტრ ნიკოლაი იონელ ჩიუკას, რათა დაადასტუროს ერთგულება ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობისა და ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის მიმართ, აღნიშნოს რუმინეთის ლიდერობა ალიანსში პასუხისმგებლობის განაწილების კუთხით და გაუზიაროს მოსაზრებები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და რეგიონულ თანამშრომლობაზე. თავდაცვის მდივანი აგრეთვე ეწვევა აშშ-ის როტაციულ ძალებს მიჰაილ კოგალნიჩანუს საჰაერო ბაზაზე.
ბელგიაში მდივანი ოსტინი პირველად დაესწრება პირადად ნატოს თავდაცვის მინისტერიალს, სადაც ის შეხვდება მოკავშირე კოლეგებსა და გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. სახელმწიფო მდივანი ოსტინი ყურადღებას გაამახვილებს ნატოს სამხედრო ადაპტაციის განვითარებაზე და სამომავლო გამოწვევებისთვის ალიანსის მზადყოფნის უზრუნველყოფაზე. იგი განამტკიცებს შეერთებული შტატების ერთგულებას ნატოს მიმართ და ხაზს გაუსვამს შტატების ფუნდამენტურ როლს ტრანსატლანტიკურ უსაფრთხოებაში.
გარდა ამისა, მდივანი ოსტინი გამოიყენებს შესაძლებლობას, ვიზიტის დროს მოინახულოს თავდაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სხვადასხვა ქვეყნებში, გაეცნოს მათ როლს რეგიონში, მადლობა გადაუხადოს მათ და მათი ოჯახის წევრებს თავდაცვის დეპარტამენტის მისიასა და ქვეყნის თავდაცვაში შეტანილი წვლილისთვის,"- აღნიშნულია განცხადებაში.