შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ჯეი ოსტინი მომავალ კვირაში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვევა.
თავდაცვის მდივანი შეხვდება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
კიდევ ერთხელ აღინიშნება ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებზე რეაგირების კუთხით. ლიდერები განიხილავენ უსაფრთხოების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას და თანამშრომლობის განვითარებას შავი ზღვის რეგიონში.
პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკის მცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა აცხადებს, რომ აშშ-ს ინტერესი შავი ზღვის რეგიონისადმი გაიზარდა.
" აშშ-ს ინტერესი შავი ზღვის რეგიონისადმი გაიზარდა, მით უმეტეს როდესაც ავღანეთში არცთუ სასიამოვნო ფინალი განვითარდა ახლა შეიძლება მეტი კონცენტრაციის გაკეთება შავი ზღვის რეგიონზე,"- აცხადებს ვასილ კაჭარავა.
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ საქართველოს კოლექტიური უსაფრთხოების კალათაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.
"ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ კოლექტიური უსაფრთხოების კალათში უნიკალური წვლილი შევიტანოთ, რადგან საქართველოს ბევრი რამის გაკეთება შეუძლია,"- აცხადებს ფხალაძე.