დაპირისპირება პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე - "ქართულმა ოცნებამ" კვლავ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდის და მათი შეცდომების გახსენება გადაწყვიტა, რასაც ოპოზიციონერთა ნაწილის შეპასუხება მოჰყვა.
მმართველი გუნდის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ "ნაცობა" ბოროტებაა, ბოროტება კი ამ ქვეყანაში უნდა დასრულდეს.
"ნაცობა სირცხვილი არ არის, ბოროტებაა. "ნაციონალურ მოძრაობასთან" ვინც ურთიერთობს, ის არის სირცხვილი. თუ გვინდა, რომ დავასრულოთ პოლარიზაცია ამ ქვეყანაში, აუცილებელია, რომ ბოროტება დამთავრდეს და სწორედ ბოროტებაა "ნაციონალური მოძრაობა,"- განაცხადა ყაველაშვილმა.
ამ რეპლიკას გამოეხმაურა ფრაქცია "ლელოს" წევრი სალომე სამადაშვილი და ყაველაშვილს შეახსენა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნებზე ნახევარ მილიონამდე ადამიანმა დაუჭირა მხარი.
"ვის ასრულებთ ბატონებო და ქალბატონებო, ამ ქვეყნის ნახევარ მილიონ მოქალაქეს და მათ ეუბნებით, რომ არსებობის უფლება არ აქვთ და ბოროტება რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში, ისინი უნდა დასრულდნენ?! ის, რაც ახლა ხდება ამ ქვეყანაში, ეს არის აისბერგის წვერი და ძალიან სწრაფად, ყველა ერთად მივექანებით სრული კრახისკენ, იმიტომ, რომ ამ ნავში, რომელშიც ვსხედვართ, ყველა ერთად ვსხედვართ,"-აცხადებს სამადაშვილი.
სამადაშვილს უპასუხა "ოცნების" კიდევ ერთმა წევრმა ალუდა ღუდუშაურმა, რომელმაც სამადაშვილს შეახსენა, რომ ისიც იყო "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი და ვერ გაემიჯნება იმ დანაშაულებს, რასაც, მისი თქმით, წინა ხელისუფლება სჩადიოდა.
"ერთი მითხარით, რომელი სფერო იყო დარჩენილი იმ დროს, სადაც არ შეხვედით და არ დააწიოკეთ, ვერ გაემიჯნებით. კი ბატონო, ახლა განერიდეთ, მაგრამ ვერ განერიდებით იმ ბოროტებას, რაც იყო. ტაშს როგორ დაგიკრავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მაგას ნახავთ, რომ გაგაცილებთ პოლიტიკიდან.
რა ეკონომიკა, რა მინისტრები: ორი მინისტრი გყავდათ, ერთი იჭერდა ხალხს, თქვენი ხერხემალი მერაბიშვილი, მეორე კი ამ დაჭრილ ხალხს ატყავებდა, ეს იყო თქვენი ეკონომიკა,"- განაცხადა ღუდუშაურმა.
ამასობაში, "ლელოს" წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს სხდომის შეწყვეტის ინიციატივით მიმართა.
"შეიკრიბოს თქვენი უმრავლესობა და განიხილეთ რა ხდება, რატომ ხდება, რომ სხდომათა დარბაზში დარჩენილ 5-6 ოპოზიციონერსაც ვეღარ გვიტანთ,"-განაცხადა ახვლედიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიიღო, და დეპუტატების ურჩია, ეს საკითხი ცალკე, სხდომის დასრულების შემდეგ გაერჩიათ.
ალუდა ღუდუშაურის განცხადებებს მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, სიტუაცია კი მანდატურებმა განმუხტეს.