16 ნოემბერი 2024,   17:58
ვრცლად
ურთიერთბრალდებები მთავარ საკანონმდებლო ორგანოში - ოპოზიციასა და "ოცნებას" შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა

"ნაციონალური მოძრაობის" 9 წელი მე-10 მოწვევის პარლამენტში კვლავ აქტუალურია. მმართველმა პარტიამ პლენარული სხდომა ისევ ყოფილი მმართველი პარტიის დანაშაულებრივი ქმედებების შეხსენებით დაიწყო, თუმცა სხდომათა დარბაზში ამ დროს "ნაციონალური მოძრაობა" არ იჯდა. ამიტომ გადაძახილები ფლანგებს შორის ძირითადად "ლელოსა" და "ქართულ ოცნებას" შორის მიმდინარეობდა.

სიტყვიერი შელაპარაკება მამუკა ხაზარაძესა და ალუდა ღუდუშაურს შორის, "ქართული ოცნების" დეპუტატის გამოსვლას მოჰყვა. ვითარების განმუხტვაში მანდატურის სამსახურს მმართველი პარტიის ლიდერების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებიც ეხმარებოდნენ. ხმაური კი სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დაიწყო, რაც ალუდა ღუდუშაურმა ხაზარაძეს წარსული საქმიანობა შეახსენა.

დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების გამო ოპოზიციის ნაწილმა სხდომის შეწყვეტაც მოითხოვა, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ არმაზ ახვლედიანს განუმარტა, რომ სხდომა გაგრძელდებოდა.

ყოფილი მმართველი პარტია დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. სწორედ ეს გახდა მიზეზი რის გამოც იაგო ხვიჩიამ კოლეგებს ურჩია "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ ესაუბრათ.

დებატების დროს ოპოზიციამ მმართველ პარტიას რამდენიმე ინიციატივა შესთავაზა მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის გასათავისუფლებლად. "ქართული ოცნების" პოზიციით კი კანონი ერთეულ პოლიტიკოსზე მორგებული ვერ იქნება.

ურთიერთბრალდებების გარდა პოლიტიკური განცხადებები თვითმმართველობის არჩევნების მე-2 ტურთან დაკავშირებითაც გაკეთდა. მმართველმა პარტიამ მხადამჭერებს აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. სხდომაზე ცესკოს ყოფილ თავმჯდომარეზეც და მის ახალ თანამდებობაზეც გაკეთდა შეფასება.

პოლიტიკური განცხადებების დასრულების შემდეგ სხდომა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

დღის ამბები