ქართული პოლიტიკა ქართულ ეკლესიას გასცდა - საპატრიარქოს ინფორმაციით, იგეგმება ავანტიურა საქართველოსა და კონსტანტინოპოლის მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის. საერო პირების გარდა მასში სინოდის წევრიცაა ჩართული.
მოუსმენენ, თუ არა საქართველოდან ჩასულ თეოლოგებს მსოფლიო საპატრიარქოს კარზე უცნობია, სამზადისი ბართლომეოს პირველთან შესახვედრად, კი უკვე დაწყებული აქვთ. შეხვედრა სტამბოლში, 22 ოქტომბერს უნდა შედგეს.
საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური გზავნილებით დატვირთულ ვიზიტს ბართლომეოს პირველთან წმინდა სინოდის ერთ-ერთი წევრი აფინანსებს.
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე არ აკონკრეტებს არც მთავარ დამფინანსებელს წმინდა სინოდიდან და არც მაღალ იაერარქებს, რომლებიც ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები არიან, მაგრამ ამბობს, რომ მათი დახმარებით თეოლოგების ჯგუფი ბართლომეოს პირველს "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი განცხადების გაჟღერებას სთხოვენ, რის სანაცვლოდაც, კი უკრაინის ავტოკეფალიის აღიარებას დაჰპირდებიან.
საპატრიარქოში სააკაშვილის მხარდამჭერ სასულიერო პირებსა და მათ თანამოაზრეებს დღეს სეკულარული სახელმწიფოს მნიშვნელობაც შეახსენეს.
სტამბოლში გამგზავრების შესახებ ინფორმაცია "კურიერთან" დაადასტურა ბიზანტიოლოგმა თამარ მესხმა. მკვლევარმა თქვა, რომ ბართლომეოს პირველს, მისი აღსაყდრების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე შეხვდება.
თეოლოგი გოჩა ბარნოვი ამტკიცებს, რომ სტამბოლში გამგზავრებას მხოლოდ საკუთარი ბიუჯეტით გეგმავს. პროტოკოლის მიხედვით სტუმრები მსოფლიო პატრიარქთან პირისპირ რამდენიმე წუთი რჩებიან. თეოლოგი ამბობს, რომ შესაძლოა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სწორედ მაშინ ისაუბრონ.
"ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მსოფლიო პატრიარქის მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამის მისაღებად პარტიის წევრებს კონსულტაციები ბართლომეოს პირველის გარემოცვასთან არ ჰქონიათ. მმართველი გუნდი კი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის პარტია საპატრიარქოს წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობს.
დადასტურდება, თუ არა საპატრიარქოს წყაროს ინფორმაცია თეოლოგების სტამბოლში ვიზიტის მიზნებთან დაკავშირებით, ცნობილი ბართლომეოს პირველთან შეხვედრის შედეგ გახდება. სავარაუდოდ გაირკვევა, სინოდის იმ წევრის ვინაობაც, რომელსაც ამ ვიზიტის დაფინანსება უკავშირდება.