16 ნოემბერი 2024,   17:27
ვრცლად
ოპოზიციის გუშინდელი კოალიცია ჩვეულებრივი "ნაციონალური მოძრაობაა", დაშლილი და შეერთებული - კახა კალაძე

ოპოზიციის ნაწილის მიერ კოალიციური მთავრობის წარდგენა პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველ გუნდს, ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენა რომელშიც 6 პარტია შედის, გეგმებს არ უცვლის.

"ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე განმარტავს, რომ ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას მათ მიმართ.

"ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ შეცვლის თბილისელების დამოკიდებულებას ჩვენს მიმართ და ვერანაირი პოლიტიკური პერფორმანსი ვერ მოაწესრიგებს ვერც საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ვერც ინფრასტრუქტურას, ვერც გარემოს დაცვის მიმართულებას, რეკრეაციულ სივრცეებს.

ჩვენ ვართ ერთადერთი რეალური გუნდი, ვისაც აქვს კონკრეტული ხედვა ამ ქალაქთან დაკავშირებით.

სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, რომ ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის "ქართული ოცნება" წარმოდგენილი და მე, როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს მოადგილეებად, სამსახურის უფროსებს, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ.

გუშინდელი კოალიცია ეს არის ჩვეულებრივი "ნაციონალური მოძრაობა" დაშლილი და შეერთებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას შეფასებით, ე.წ. ჩრდილოვანი კოალიციის შექმნა ოპოზიციას ვერ უშველის, ვინაიდან მათ პირველი ტურისთვის მზადება არაკონსტრუქციული ნაბიჯებით დაიწყეს. კახა კუჭავას თქმით, მეორე ტურშიც "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს.

"მათ პირველი ტურისთვის და ზოგადად არჩევნებისთვის მზადება ზუსტად იმ კონსტრუქციული ნაბიჯებით რომ დაეწყოთ, რომელიც მათ ამომრჩეველს მისცემდა საშუალებას ამ კუთხით შეეფასებინათ და არა იმ სიძულვილის ენის გამოყენებით და დესტრუქციული პოლიტიკით, რომელსაც ახორციელებდნენ, შეიძლება უფრო წარმატებული ყოფილიყვნენ, შეიძლება.

ფაქტი ერთია, რომ ჩემი აზრით, მეორე ტურისთვის ამის გაკეთება ცოტა გვიანი არის. ეს უკვე მათი არჩევანია, უნდათ ჩრდილოვანი წარმოადგინონ, უნდათ სხვა მთავრობა. რეალურად ამომრჩეველი თავის არჩევანს გააკეთებს და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ მეორე ტურშიც "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს," - აცხადებს კახა კუჭავა.

შეგახსენებთ, რომ "ლელო" ოპოზიურ პარტიებს კოალიციის შექმნას და ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძეს აქვს წინაპირობებიც - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.

დღის ამბები