კოალიციისა და ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას ოპოზიციაში გამარჯვების ფორმულას უწოდებენ. "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ "გამარჯვების ფორმულით" როგორც დედაქალაქში 30 ოქტომბერს, ასევე ვადამდელი არჩევნების შემდგომ გაიმარჯვებენ.
"ეს ფართო კოალიციური ერთობა არის გამარჯვების ფორმულა. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამ კოალიციური ერთობით გავიმარჯვებთ 30 ოქტომბერს როგორც თბილისში ისე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემდგომ. მთელ საქართველოს უნდა მართავდეს კოალიციური ხელისუფლება და უნდა დავასრულოთ ერთპარტიული მმართველობა, რომელიც მხოლოდ იმაშია გაწაფული, რომ მოიპაროს ფული. გვჭირდება კოალიციური ხელისუფლება, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტო ერთმანეთს აკონტროლებს," - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
პოლიტიკოსი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ყველა პოლიტლიდერი, რომელიც ოპოზიციურ მოძრაობაშია ჩართული მზად არის პასუხისმგებლობა ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებაზე აიღოს.
"ჩვენ თბილისელებს გუშინ ცხადად დავანახეთ, რომ ყველა ის პოლიტიკური ლიდერი, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩართულია ოპოზიციურ მოძრაობაში მზად არის პასუხისმგებლობა პირადად აიღოს პირველ რიგში თბილისში არსებული უმძიმესი სოციალური თუ ყოველდღიური სხვა პრობლემების მოგვარებაზე და შემდგომ რა თქმა უნდა ამ კოალიციური ერთობით ვაიძულოთ ხელისუფლება დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები და იყოს ცვლილებები ცენტრალურ დონეზე," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
შეგახსენებთ, "ლელო" ოპოზიურ პარტიებს კოალიციის შექმნას და ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებას სთავაზობს. მამუკა ხაზარაძეს აქვს წინაპირობებიც - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მომავალ მთავრობაში ძალოვანი მინისტრები არ უნდა წარადგინოს.