ათენში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი გრძელდება. კახა კუჭავა ევროპის საბჭოს ქვეყნების პარლამენტის სპიკერების ფორუმზე სიტყვით გამოდის. ღონისძიების პარალელურად, ის მართავს შეხვედრებს სხვადსხვა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებთან, სადაც ქვეყნებს შორის ურთიერთობებსა და გამოწვევებზე მსჯელობენ.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ. შესაბამისად, ჩვენ გვსურს მხარი დავუჭიროთ საქართველოს ამ გზაზე იმდენად რამდენადაც შეგვიძლია. მე შევთავაზე კიდეც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ თუ ამის სურვილი არსებობს, შეგვიძლია საქართველოს პარლამენტს გავუზიაროთ ის გამოცდილება, რაც ევროპულ გზაზე დაგჭირდებათ. ვფიქრობ მას ეს შეთავაზება მოეწონა. საპარლამენტო დიპლომატია უმნიშვნელოვანესი ასპექტია საერთაშორიო თანამშრომლობაში,"- აცხადებს პოლონეთის სეიმის თავმჯდომარე ელიზაბეტა ვიტეკი.
წევრი ქვეყნების გამოცდილება, რომ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისათვის უმნიშვნელოვანესია, ამაზე კახა კუჭავამ, შეხვედრების დასრულების შემდეგ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მან ასევე ყურადღება რუსულ ოკუპაციაზე გაამახვილა.
"მნიშვნელოვანია ვესაუბროთ ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს, იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დგას. ეს პირველ რიგში ეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს და საქართველოს წევრობას ევროკავშირში. ამ კუთხით, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უკვე მათ გამოცდილებაზე შევძლოთ განვახორციელოთ ის სამწლიანი ამბიციური გეგმა, რომელზეც დამოკიდებული იქნება ჩვენი მხრიდან განაცხადის შეტანა 2024 წელს,"- განაცხადა კახა კუჭავამ.
კონფერენციაზე სამი ძირითადი საკითხი განიხილება - პანდემიის გავლენა დემოკრატიის პროცესზე, ევროპის მოქალაქეების საერთო მომავალი და ეროვნული პარლამენტების როლი გარემოს დაცვაში.