პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთეკლობისა და სხვა უფლებრივი მდგომარეობა დაცულია.
რაც შეეხება მის ჯანმრთელობას, ხუნდაძის თქმით, რაიმე სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკი ექსპრეზიდენტის შემთხვევაში არ არსებობს.
დიმიტრი ხუნდაძე იმასაც აღნიშნავს, რომ თუკი თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულების საავადმყოფოს რესურსი არ იქნება საკმარისი, მაშინ, მესამე პრეზიდენტი სხვა ტიპის მრავალპროფილურ დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი.
"მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საჭიროება მედპერსონალმა უნდა გადაწყვიტოს და არა ადვოკატებმა. ჩვენ ვიცავთ ნებისმიერი მოქალაქისა და მსჯავრდებულის, ვინც არ უნდა იყოს ეს, მიუხედავად გვარისა, სახელისა და პოლიტიკური თანამდებობისა, მათ როგორც ჯანმრთელობას, ასევე სხვა უფლებრივ მდგომარეობას. მუდმივ მონიტორინგს ვუწევთ პროცესს, მაგრამ კლინიკურ საკითხებში ჩართულები არიან მაღალი კომპეტენციის მქონე სპეციალისტები. მათი შეფასებით კი, დღეს რაიმე სიცოცხლესთან შეუთავსებელი რისკი, არ არსებობს და მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. თუკი მისი მდგომარეობა იქნება ისეთი რომ დასჭირდება სტაციონალური მომსახურეობა, ამისათვის არსებობს თვითონ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საავადმყოფო, სადაც ყველა რესურსია იმისა, რომ მას სამედიცინო მომსახურება გაეწიოს. მაგრამ, თუ ეს რესურსიც არ იქნება საკმარისი, მაშინ, რა თქმა უნდა, თუ იქნება რეკომენდაცია რომ სი გადავიდეს სხვა ტიპის მრავალპროფილურ დაწესებულებაში, ასეც მოხდება. იქვე დგას ბრიგადა, მის პულსზე უდევთ ხელი და თუკი საჭიროება მოხდება, მოხდება მისი ტრანსპორტირება სამედიცინო დაწესებულებაში.
არსებობს მრავალსაფეხურიანი კონტრტოლის მექანიზმი, რომ იყოს დაცული მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სხვა უფლებრივი მდგომარეობები. საქმეში ასევე ჩართულია სახალხო დამცველი და ამ ჯგუფში ის მუდმივად ესწრება ყველა შეხვედრას,"- აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.