რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები საკვებ პროდუქტებს, რომლებსაც ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, სურვილის შემთხვევაში, 2022 წლიდან საქველმოქმედო მიზნით გამოიყენებენ. შესაბამისი კანონმდებლობის დარეგულირებაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტი მუშაობს.
პარალელურად, სურსათის უვნებლობის მაქსიმალურად დაცვის მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, თუ რომელი საკვები პროდუქციაა მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს.
როგორც "რუსთავი 2-თან" საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა განაცხადა, პროექტს სამი მომწოდებელი და გამტარი მხარე ეყოლება: 1 - რესტორნები, სუპერმარკეტები და სასტუმროები. 2 - საქველმოქმედო ორგანიზაციები და 3 - სახელმწიფო.
ნინო წილოსნის თქმით, შეიქმნება ერთიანი სისტემა, სადაც ლოკაციის მიხედვით დარეგისტრირდება მიმღები მხარე, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ლოკაციის პრინციპით მიებმება შესაბამისი ბენეფიციარი. როგორც წილოსანი განმარტავს, ქველმოქმედების საბოლოო მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი, თუმცა, შესაძლოა, ამგვარი პროდუქციის მიმღები მუნიციპალური სასადილოც იყოს.
"ჩვენ კომიტეტშია სამუშაო ჯგუფი შექმნილი. ვადის ამოწურვამდე საკვების ქველმოქმედების მიზნით გამოყენებასა და ასევე, სურსათის ბანკის შექმნის საკითხს ვამუშავებთ. ამ ეტაპზე, ექსპერტებისა და პროცესში ჩართული ორგანიზაციებისგან ველოდებით პირველი მონახაზის წარმოდგენას. საკითხს მხარს უჭერს არაერთი ქვეყნის საელჩო. ამ ეტაპზე გვსურს ის პრობლემები დავაიდენტიფიციროთ, რასაც ჰორეკას სექტორი, მაღაზიათა ქსელი და სასტუმროები ამგვარი პროდუქციის დონაციისთვის გამოსაყენებლად აწყდებიან. ამ პრობლემების იდენტიფიცირების შემდეგ კი ჩვენ შევქმნით სისტემას, მოდელს, რომელიც ყველა მხარეს გაუადვილებს, რომ ვადის ამოწურვასთან მიახლოებული, თუმცა, საკვებად ვარგისი პროდუქტები ქველმოქმედებისთვის გამოიყენონ.
გარკვეულწილად, ამ სისტემას, სამი მხარე ეყოლება: პირველი - სავაჭრო ქსელები, ჰორეკას სექტორი, სასტუმროები და ყველა ის სუბიექტი, რომელიც სახელმწიფოს მიერ შემუშავებული უსაფრთხო წესების დაცვით საკვებ პროდუქტს მისი ვადის ამოწურვამდე ქველმოქმედებისთვის გამოიყენებს. მათ შორის, ისეთ პროდუქციას, რომელიც დღის ბოლოს სასურველია ჩაეშვას ქველმოქმედებაში, გადასცემს საქველმოქმედო ორგანიზაციებს. მეორე მხარე საქველმოქმედო ორგანიზაციები არიან, რომლებიც ამ სისტემაში დარეგისტრირდებიან, იქნებიან ამ პროდუქციის მიმღებ-გამანაწილებლები და მესამე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო, რომელიც იქნება ძირითადი თამაშის წესების დამწესებელი, ძირითადი რეგულატორი და მაკონტროლებელი. ამ სისტემაში არავინ უნდა ისარგებლოს სხვადასხვა მიზნებისთვის არამიზნობრივად იმ შეღავათებით, რომელსაც ქველმოქმედებისთვის დავაწესებთ. ამავდროულად, მაქსიმალურად უნდა იყოს სურსათის უვნებლობა დაცული. ამ მიზნით, ნორმატიული აქტებიც იქნება შემუშავებული, რომელი საკვები პროდუქცია არის მაქსიმალურად უსაფრთხო იმისთვის, რომ ამგვარ ციკლში ჩაერთოს. სახელმწიფო უბრალოდ სისტემას შექმნის და მას გააკონტროლებს. იქნება ერთიანი ბაზა, სადაც ყველა სუბიექტი დარეგისტრირდება, რომელსაც საკვებისა და სურსათის დონაციის გაკეთება სურს. ასევე, დარეგისტრირდებიან მიმღები პირები, საქველმოქმედო ორგანიზაციები თავიანთი ლოკაციების მიხედვით. მათ კი ასევე ლოკაციის მიხედვით კონკრეტული ობიექტები მიებმებიან. რესტორნები იპოვიან ისეთ საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებიც პროდუქტს წაიღებენ და შემდეგ მას ბენეფიციარამდე მიიტანენ ან პირიქით, თავად საქველმოქმედო ორგანიზაცია დაეკონტაქტება და დაინტერესდება ამგვარი რესტორნებით და პროაქტიულად ჩაერთვება ამ სისტემაში. მიმღები არ შეიძლება იყოს ფიზიკური პირი. მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაცია. შესაძლოა, მიმღები პირები თავად მუნიციპალური სასადილოებიც იყვნენ, მათ ნაწილსაც აქვს თავიანთი ბაზა. ამას არ გამორიცხავს ჩვენი პროექტი, თუმც შემდგომ ისინი რა ფორმით გაუწევენ ამ პროდუქციის დარიგებას, ეს იქნება ქუჩაში, თავიანთ ლოკაციაზე, სახლებში მიუტანენ, თუ როგორი ფორმა ექნება, ეს თავისთავად შემდგომი კონსულტაციის საფუძველია,"- განაცხადა წილოსანმა.
რას ფიქრობენ რესტორნებსა და სუპერმარკეტებში
"რუსთავი 2-ი" დაინტერესდა, რამდენად ინფორმირებულები არიან რესტორნები და ქსელური სუპერმარკეტები კანონპროექტის შესახებ და როგორი დამოკიდებულება აქვთ აღნიშნული ინიციატივის მიმართ.
KTW ჯგუფი საქართველოში სურსათის ბანკის შექმნის ინიციატივას მიესალმება. მათი განცხადებით, კანონპროექტი კომპანიებს ქველმოქმედებისთვის კიდევ ერთ გზას გაუხსნის.
როგორც კომპანიაში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, რომ სურსათის უვნებლობის მაქსიმალური დაცვა მოხდეს და ამასთან, საგადასახადო კანონმდებლობა ქველმოქმედების მიზნის შესაბამისად გადაიხედოს.
"ეს ინიციატივა ძირითადად რითეილს და მსხვილ სარესტორნო ქსელებს, სასტუმროებს ეხება. არსებული კანონმდებლობით ჩვენ იმ პროდუქციის გაჩუქების შემთხვევაში, რომელსაც უახლოეს მომავალში ვადა ეწურება, ვიბეგრებით. ბიზნესის თვალსაზრისით რომ შევხედოთ, კომპანიისთვის ეს დამატებითი ტვირთია და ასეთ შემთხვევაში, გვირჩევნია, სიკეთე სხვა გზით ვაკეთოთ. ხოლო, თუ ეს მოცემულობა სწორი მიმართულებით შეიცვლება, ქველმოქმედების ამ ციკლში ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით," - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ, KTW ჯგუფის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა "რუსთავი 2-თან" საუბრისას.
ინიციატივას ემხრობა "წისქვილი გრუპიც". კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ინიციატივა, როგორც ბიზნესს ასევე მოსახლეობას წაადგება.
"ზოგადად, კარგი ინიციატივაა და მივესალმებით, მაგრამ შესაფასებლად გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია. ვგულისხმობ იმას, რომ დაბეგვრის დეტალებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე არ ვართ ინფორმირებული. იმედი ვიქონიოთ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციტივა სარგებელს მოუტანს როგორც ბიზნესს, ასევე საზოგადოებას. საუკეთესო სურვილებით,"- განაცხადა "წისქვილ გრუპის" მარკეტინგის გაყიდვების დირექტორმა "რუსთავი 2"-თან საუბრის დროს.
ინიციატივას მიესალმება "აგროჰაბიც" და აცხადებს, რომ მთავარია ინიციატივა იყოს კარგად გაწერილი და დაცული იყოს საკვების უვნებლობის წესები, რომელიც მოსახლეობამდე მივა ჯანსაღად.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა პარლამენტში, სავარაუდოდ, ნოემბერში დაინიცირდება.