16 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
ეროვნული პარლამენტების როლი გარემოს დაცვაში - ევროპის საბჭოს პარლამენტის სპიკერების კონფერენციაზე კახა კუჭავა მოხსნებით გამოვიდა

ეროვნული პარლამენტების როლი გარემოს დაცვაში - ევროპის საბჭოს პარლამენტის სპიკერების კონფერენციაზე კახა კუჭავა  მოხსნებით გამოვიდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ღონისძიების მონაწილეებს 47 ქვეყნის სპიკერებს და დელეგატებს კონკრეტული წინადადებაც გააცნო.

"მე ჩამოვედი იმისათვის, რომ ვისაუბრო გლობალურ პრობლემაზე - ჯანსაღი და მდგრადი გარემოს უფლებაზე. არც ერთი ქვეყანა, არ არის დაცული გარემოსდაცვითი გამოწვევებისგან, განსაკუთრებით კი კლიმატის ცვლილებისგან, რომელიც უნდა მოგვარდეს - უპირველეს ყოვლისა - პოლიტიკის პერსპექტივიდან.

განსაკუთრებით მოხარული ვარ მოგმართოთ როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და აღვნიშნო, რომ ჩვენმა ქვეყანამ ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად დაისახა. საქართველო ამაყობს, რომ არის ევროპის საბჭოს პირველი წევრი ქვეყანა, რომელმაც ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის პერიოდში ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოაცხადა კავშირი ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის.  გარდა ამისა, ჩვენ განსაკუთრებით მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პრეზიდენტობის დასასრულს ევროპის საბჭოში, კერძოდ, 2020 წლის 15 მაისს, პირველად ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ისტორიაში, საქართველომ მიიღო დეკლარაცია მომდევნო პრეზიდენტ ქვეყნებთან, საბერძნეთისა და გერმანიასთან ერთად ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვის კავშირების თაობაზე.

გარდა ამისა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია საზოგადოებრივი ჯანდაცვა და გარემო. ამ თვალსაზრისით, ჩვენმა ქვეყანამ ხელშესახებ პროგრესს და შედეგებს მიაღწია როგორც პოლიტიკის, ისე პრაქტიკულ დონეზე.

მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები გვიჩვენებს, რომ ჩვენ უნდა გავხდეთ მეტად ამბიციური და გარემოსდაცვითი დიპლომატია გამოვიყენოთ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. გარემოსდაცვითი მოლაპარაკებების უახლესი ისტორია აჩვენებს, რომ ხალხებმა ერთად უნდა იმუშაონ გლობალურ საფრთხეებზე და აიღონ საერთო პასუხისმგებლობა დღევანდელი და მომდევნო თაობების ინტერესებისთვის. ამ ძირითად ღირებულებებზე დაყრდნობით, ეროვნულ დონეზე გარემოს დაცვის უფლებების მოგვარება მყისიერი სამართლებრივი შედეგების მისაღებად მოქმედებას ახლა საჭიროებს.

პარლამენტების როლის გასაზრდელად გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტებს შეუძლიათ შექმნან პლატფორმა გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცვლისთვის იმ საკითხებზე, რაზეც ისინი მუშაობენ. არც ისე იშვიათია, როდესაც განვიხილავთ კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც ასევე მოიცავს გარემოს დაცვას, თუმცა სამწუხაროდ გარემო ხდება ყველაზე უმნიშვნელო და აქცენტი სხვა საკითხებზე გადადის. ამის თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია საპარლამენტო თანამშრომლობა. შემოთავაზებული პლატფორმა მიზნად ისახავს საპარლამენტო კომიტეტებს შორის მხარდაჭერის გაძლიერებას და გამოცდილების გაზიარებას და ამით პოლიტიკური ნების გაძლიერებას საერთო პრობლემების გადასაჭრელად. ეს პლატფორმა უნდა იყოს პრაქტიკული, ეფექტური და შედეგებზე ორიენტირებული, ერთიანი პოლიტიკის გატარებისა და კონკრეტული შედეგების მისაღწევად.

მსოფლიო ლიდერებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ მეცნიერებას და ერთობლივად იმუშაონ ცვალებად გარემოსთან ადაპტირებისთვის, რათა თავიდან აიცილონ, მინიმუმამდე დაიყვანონ რისკები და ზარალი არ მიაყენონ წინა ხაზზე მყოფებს. ყოველივე ამის გათვალისწინებით, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ჯანსაღი და მდგრადი გარემო მთელს მსოფლიოში?

- ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა; განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის შექმნა; ურბანული რეკრეაციული დაგეგმარებისა და მეტი მწვანე სივრცის უზრუნველყოფა ქვეყნის მასშტაბით; მწვანე დაფინანსების ხელშეწყობა; ნარჩენების თანამედროვე მართვა და გადამუშავება; ახალი სუფთა ტექნოლოგიები; დაბალი ნახშირბადის ტრანსპორტის განვითარება; ენერგოეფექტური შენობების ხელშეწყობა; სრულად ორგანული სოფლის მეურნეობა.

არასოდეს უნდა დავივიწყოთ ადამიანები, რომლებიც დგანან ჩვენი პოლიტიკის უკან. ჩვენ უნდა ვიყოთ სამართლიანი და სოციალურად დაბალანსებული. ეს ნიშნავს იმის გათვალისწინებას, რომ ყველა ქვეყანას არ აქვს ერთი და იგივე საწყისი წერტილი. ჩვენი პლანეტის დაცვა ერთადერთი არჩევანია და ეს არის ერთადერთი გზა, დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კაცობრიობა. ასე რომ, ჩვენ ვართ ერთგულნი მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, სამოქალაქო და სოციალური უფლებების დაცვისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისათვის.

დღის ამბები