ახალი ინიციატივა რუსთაველებს - ქალაქის მერობის კანდიდატმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მეორე ტურში მისი არჩევის შემთხვევაში, რუსთავში იანვრიდან დაზიანებული ლიფტების რეაბილიტაცია მოხდება.
ნინო ხეტეიშვილს მცირეწლოვან შვილებთან ერთად მე-8 სართულზე ფეხით ასვლა ხშირად უწევს. მოუწესრიგებელი და გაუმართავი სამგზავრო ლიფტები რუსთაველებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
ნინო ხეტეიშვილის მსგავსად, ქალაქში 70 ათასამდე ადგილობრივი პრობლემური ლიფტით სარგებლობს. დღეს, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მერად მისი არჩევის შემთვევაში, იანვრიდან 1200-მდე ამორტიზებულ ლიფტს რეაბილიტაციას ჩაუტარებენ ან ახალს შეიძენენ.
ინიციატივის განხორციელებამდე, მოსახლეობა ლიფტებით უფასოდ ისარგებლებს. გამოყენებული ელექტროენერგიის თანხას კი რუსთავის მერია გადაიხდის. დაგეგმილია სპეციალური მომსახურების სერვისის შექმნაც, რომლის ვალდებულება ლიფტების უსაფრთხოების მუდმივი კონტროლი იქნება.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის და ცენტრალური მთავრობის საერთო დაფინანსებით, 100-მდე განსაკუთრებით სახიფათო მდგომარეობის ლიფტს რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა.
რუსთავის საცხოვრებელ კორპუსებში სულ 1 300-მდე ლიფტია, რომლებიც სიძველის გამო ხშირად ზიანდება და მოსახლეობისთვის საფრთხეს ქმნის.