მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსის მიხედვით საქართველო მსოფლიოში 21-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო 20-ეულში მოხვდა და მსოფლიო ბანკის წევრ ქვეყნებს შორის მსოფლიოს საუკეთესო 20-ეულში დაწინაურდა. ინდექსში საქართველომ სარეიტინგო პოზიცია შარშანდელთან შედარებით 8 ადგილით გაიუმჯობესა.
მთავრობის ეფექტიანობის 2021 წლის ინდექსი ტრანსეროვნულმა კვლევითმა ცენტრმა SolAbility გამოაქვეყნა.
SolAbility შვეიცარიულ-სამხრეთ კორეული ტრანსეროვნული ორგანიზაციაა. იგი არის კვლევითი ცენტრი მდგრადი განვითარებისა და მართვის კონსალტინგის სფეროში. ორგანიზაცია მთავრობის ეფექტიანობის გლობალურ ინდექსებს 2014 წლიდან აწარმოებს. კვლევითი ცენტრი SolAbility მსოფლიოს 180 ქვეყნის მთავრობებს 26 ინდიკატორის მიხედვით აფასებს, რომელიც საბოლოოდ 5 ფაქტორის 15 კრიტერიუმად ჯგუფდება:
1. სოლიდარული(თანმიმდევრული) მმართველობა
✓ სახელმწიფო სერვისები
✓ განათლების ბიუჯეტი
✓ სამხედრო დანახარჯები
2. ინფრასტრუქტურა
✓ ინვესტიციები
✓ გზები და რკინიგზა
✓ ტრანსმისია (საკომუნიკაციო ქსელური ინფრასტრუქტურა)
3. ბიზნეს გარემო
✓ ბიზნესის კეთების სიმარტივე
✓ ბიზნესის რეგისტრაცია
✓ სექტორული განვითარება
4. კორუფცია
✓ კორუფციის ინდექსი
✓ მექრთამეობის გავრცელება
✓ ბიუროკრატიზაცია
5. ფინანსური სტაბილურობა
✓ ფინანსური მდგრადობა
✓ ფინანსური შოკების გავლენა
✓ ფინანსური რეგულაცია
მთავრობის ეფექტიანობით საქართველო შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში ლიდერობს. შეფასების 100%-იანი სკალით საქართველომ 62%-ი აიღო, რაც ახალი ისტორიული მაქსიმუმია.
რეიტინგში საქართველომ გაუსწრო ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორიცაა საფრანგეთი, კანადა, ნიდერლანდები, ავსტრალია, იტალია, პორტუგალია, ნორვეგია, შვედეთი, ისრაელი, სინგაპური, სამხრეთ კორეა და ა.შ.
მთავრობის ეფექტიანობის ინდექსი ეფუძნება მსოფლიო ბანკის, გაეროს პროფილური ინსტიტუტებისა და მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ცენტრების გამოკვლევებს.
ევროპის ოცეულში მოხვედრას გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა ის სპეკულაცია და ყალბი დეზინფორმაცია, პროპაგანდა, რაც მომდინარეობს "ნაციონალური მოძრაობისგან", არის გაქარწყლებული, თუნდაც ამ ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევებით და ანგარიშით.
"ეს არის რეკორდული მაჩვენებელი მთავრობის ეფექტიანობის კუთხით და სხვა უამრავი პარამეტრია ჩამოთვლილი, ამ ინდიკატორებით ნაჩვენები არის ჩვენი ხელისუფლება და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის ეფექტურობა. საბოლოო ჯამში, მე ვიქნები ბედნიერი და მოხარული, როდესაც ეს ყველაფერი კონვერტირდება და გარდაიქმნება რეალურ შედეგებად, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება. ჩვენ ამ მიმართულებით ყველაფერს გავაკეთებთ," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.