ვიდეომასალას, სადაც სააკაშვილი ამბობს, რომ გაიტაცეს, პოლიტიკურ სპექტრში შეფასებები მოყვა.
თბილისის მერი, თბილისის მერობის კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” კახა კალაძე აცხადებს, რომ ის ყველაფერი, რაც ვიდეოშია, სასაცილოა.
"ვიდეოში აშკარად ჩანს, რომ არ ენდობოდა იმ ადამიანებს, ვისაც ის უკანონოდ გადმოჰყავდა და უბრალოდ, გზაში იგონებდა რაღაცებს და წერდა, რომ შემდეგ დაედო ვიდეოები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ვიღაცამ გაიტაცა. ეს ყველაფერი ნამდვილად სასაცილოა,"- განაცხადა კახა კალაძემ.
მმართველიო გუნდის სხვა წევრებისთვის გავრცელებული ვიდეო იმის დასტურია, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლისას დესტრუქციისთვის ემზადებოდა:
"რა ფორმითაც შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში, როგორი იყო მისი განწყობები და დამოკიდებულებები, გვაფიქრებინებს, რომ მას თვალი ეჭირა დესტრუქციაზე. მათი გეგმებისა და სურვილების ვარიაციები მიმართულია არა არჩევნებში გამარჯვებისკენ, არამედ რაღაც ისეთი მუხტი შემოიტანონ საქართველოში, რომელიც წყალს ააღვრევინებთ და შესაბამისად, ამ მღვრიე წყალში შეეცდებიან თევზის დაჭერას,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.
რაც შეეხება ოპოზიციას, მათ ნაწილს ვიდეო საერთოდ არ უნახავს, ელენე ხოშტარია კი იმ ნაწილშია, ვინც ეს კადრები ნახა. ხოშტარია ამბობს, რომ ამ ვიდეოს გავრცელება ძალიან დიდი სიბინძურეა.
"ძალიან დიდი სიბინძურეა, ტელეფონიდან ამოღებული მასალების პროპაგანდისთვის ფრიალი, ეს არის უკანონობა და უღირსობა,"- აცხადებს პარტიის "დროა" თავმჯდომარე ელენე ხოშტარია.