16 ნოემბერი 2024,   16:55
ვრცლად
არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, მაგრამ პასუხი უნდა აგოს - ლევან იოსელიანი 

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ეს ფაქტი ნამდვილად არ ახარებს, თუმცა მისი თქმით, ყველა ადამიანი კანონის წინაშე თანაბარია.

"ნამდვილად არ მახარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში, იმიტომ, რომ ის იყო საქართველოს ორგზის პრეზიდენტი და ნამდვილად, არავის ციხეში ჯდომა არ მინდა, არ მაქვს ესეთი მიდრეკილება. მაგრამ, მეორეს მხრივ, ის საქმეები, რა საქმეებზეც არის ის გასამართლებული და რა საქმეებზეც მიდის განხილვა, მათ შორის 7 ნოემბერი, ასევე იმედის დარბევის საქმე არის საქმეები, რომლებიც ჩემში კითხვის ნიშნებს არ ბადებს. შესაბამისად, კანონის წინაშე ყველა თანაბარია და კანონი ყველას მიმართ უნდა იყოს იმ ფორმით გამოყენებული, რა ფორმითაც ის დღეს არის.

სრულად მოიხდის, თუ არ მოიხდის სასჯელს, ეს ჩემი გადასაწყვეტი არ არის, პრეზიდენტს შეუძლია ის შეიწყალოს, მაგრამ ის საქმეები, რომელიც მასთან არის დაკავშირებული, მან პასუხი უნდა აგოს. მე მგონი ამაზე ორი აზრი არ არის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა ღამის კურიერსი საუბრისას.

ლევან იოსელიანის განცხადებით, არჩევნების მე-2 ტურში "მოქალაქეების" მხარდაჭერა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ექნება, პარტია საკუთარ ელექტორატს არჩევნის თავისუფლებას აძლევს. 

ლევან იოსელიანის თქმით, ოპოზიციის ნაწილის მიერ თვითმმართველობის ე.წ. ჩრდილოვანი კაბინეტის შექმნას მისი პარტია სკეპტიკურად უყურებს, რადგან განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის მმართველობა ევროპული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი არ არის. 

20 საარჩევნო ოლქში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებულები ვერ გამოვლინდნენ მე-2 ტური ზუსტად 8 დღეში გაიმართება. 

დღის ამბები