16 ნოემბერი 2024,   16:52
ვრცლად
22 დღის განმავლობაში სხდომის არ ჩანიშვნა არ იძლევა საფუძველს განაცხადო, რომ რამე ჭიანურდება - სარჯველაძე სააკაშვილის პროცესზე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ქვეყნის მე-3 პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომის გაჭიანურებაზე საუბარი გადაჭარბებულია.

მისი თქმით, დაპატიმრებიდან 22 დღე არ არის ის დრო, როდესაც მსგავსი დასკვნების გამოტანა შეიძლება. 

"თუ ასე გულით უნდოდა ბატონ მიხეილს სასამართლოზე წარდგომა, არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა ამ წლების განმავლობაში? მაგრამ მას ეს არ გაუკეთებია.

 რაც შეეხება ექსტრადირებას - ეს დამოკიდებულია საერთაშორისო ურთიერთობებზე. ამ მიმართულებით, საქართველომ გადადგა სერიოზული ნაბიჯები, თუმცა, აქამდე ეს ვერ მოხერხდა.

ამ 22 დღის განმავლობაში, რაც პატიმრობა დაიწყო, თუკი არ ჩაინიშნა პროცესი, ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ჭიანურდება. საერთოდ, როდესაც პოლიტიკურ პატიმრობასა, თუ მიკერძოებულ მიდგომებზეა საუბარი, უმჯობესია, ვთქვათ, რომ ყველა სხვა შემთხვევაში სხვაგვარად ხდება და ამ კონკრეტულ შემთხვევაშია განსხვავებული მდგომარეობა. მე პირადად, ვიცნობ სამართალწარმოების სპეციფიკას და გეტყვით, რომ 22 დღის განმავლობაში სხდომის არ ჩანიშვნა ნამდვილად არ იძლევა საფუძველს განაცხადო, რომ რამე ჭიანურდება. იგივე შემიძლია ვთქვა მიმდინარე ძიებაზე, რომელიც უკავშირდება საზღვრის უკანონო კვეთას და ა.შ. როგორც კი სხდომა ჩაინიშნება, ის, რა თქმა უნდა, წარდგება სასამართლოს წინაშე, თუ, რა თქმა უნდა, თავად უარს არ განაცხადებს,"- განაცხადა სარჯველაძემ "ღამის კურიერში" საუბრისას. 

დღის ამბები