16 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
გეგმის მიხედვით, სააკაშვილი სიმულანტობით უნდა მოხვდეს კერძო კლინიკაში, იქიდან კი 30 ოქტომბერს მხარდამჭერებმა უნდა გაიყვანონ - პრემიერი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა იმ გეგმის შესახებ, რომელიც, მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასა" და მიხეილ სააკაშვილს აქვს.

პრემიერის ინფორმაციით, სააკაშვილი სიმულიანტობით ცდილობს კერძო პროფილის კლინიკაში გადასვლას, რადგან არსებობს გეგმა, რომ 30 ოქტომბერს მისმა მხარდამჭერებმა ის კლინიკიდან გაიყვანონ. 

"კაცი თვითონ შიმშილობს თუ დიეტაზეა, თვითონ იზიანებს თავის თავს და ჯანმრთელობას და ამაზე ჩვენ გვადებენ ვალს. პატიმრის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის პენიტენციური დაწესებულების ვალდებულება, ჩვენ ამასთან, დამატებით, ექიმების ჯგუფი ჩავრთეთ პროცესში მეტი გამჭვირვალობისთვის, იმისთვის, რომ ნაკლები საბაბი მიგვეცა სპეკულირებისთვის

მათი მიზანი რა იყო, სააკაშვილის პირდაპირი დავალება იყო, რომ ის დაიწყებდა სიმულანტობას, რომ თითქოს მისი მდგომარეობა მძიმდება და ა.შ. რომ რამენაირად გადაყვანილი ყოფილიყო კერძო კლინიკაში. წარმოიდგინეთ, როგორი გეგმა აქვთ: 30 ოქტომბერს მოხდებოდა მათი მხარდამჭერების მობილიზება და გაიყვანდნენ საავადმყოფოდან, "გაათავისუფლებდნენ." წარმოიდგინეთ, რა აბსურდში არიან. მე პრემიერ-მინისტრი ვარ და როგორღაც მაქვს ინფორმაციები. წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან, კაცი, რომელიც იყო დიდ ილუზიაში, ჩამოვიდა და თავის ფეხით შევიდა ციხეში, როგორი ბრიყვული და გაუთვლელი, გაუგებარი გეგმა გააკეთეს და აღმოჩნდა იქ, სადაც ღმოჩნდა.

მეორე - წარმოიდგინეთ, როგორ ილუზიებში არიან ეს ადამიანები და აჯერებენ საკუთარი ამომრჩევლების ვიწრო ჯგუფს, რომ ეს მორიგი პროვოკაცია დადგან. როგორც ვერ განახორციელა მსგავსი ბინძური პროვოკაცია, როცა უნდოდა მას გამოსულიყო რუსთაველზე და მომხდარიყო 2-3 ოპოზიციური ლიდერის მკვლელობა და ამით მომხდარიყო სრული დესტაბილიზაცია ქვეყანაში, ასევე ჩაეშლებათ და ჩაეშალათ ეს გეგმაც. მინდა ვთქვა, რომ მცდარი ინფორმაციაა, მინისტრ ტიკარაძეს არ უთქვამს, თავადაც გააკეთებს ამის თაობაზე კომენტარს. ეს არ არის მისი პრეროგატივა. ეს ერთი. მეორე ის, რომ მინისტრმა რატი ბრეგაძემ მას, როგორც კოლეგას მიმართა თხოვნით და ეს ჩვენი საერთო გადაწყვეტილებაა, რომ ექიმების ჯგუფი ჩართულიყო დამატებით პრევენციის მიზნით. ასე, რომ თუ  პატიმარ სააკაშვილს თუ დასჭირდება  დამატებითი კვლევების  ჩატარება, ყველა პირობაა შექმნილი ციხის საავადმყოფოსი, ეს არის ჩვენი გადაწყვეტილება და აღარ გადაიხედება,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები