ქვეყნის მთავარი მოედნიდან "ქართული ოცნების" მხადამჭერებს დღეს პირველმა პრემიერმა მიმართა. შეკრებილებს, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობისთვის მადლობა არაერთხელ უთხრა. მმართველი პარტიის ლიდერმა წარსულზე საუბარს ყველაზე მეტი დრო დაუთმო.
ოპონენტების კრიტიკის გარდა, პრემიერმა მომხრეებს მმართველი პარტიის სამოქმედო გეგმაზე, განხორციელებულ და მომავალში დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა. განსაკუთრებული ყურადღება კი თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობასა და ამომრჩევლის აქტიურობაზე გაამახვილა.
ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მმართველი პარტიის თავმჯდომარის შეფასებით ერთდერთი გზა, არჩევნების მე-2 ტურში "ქართული ოცნების" გამარჯვებაა. ირაკლი კობახიძემ მხადამჭერებს ტრიბუნიდან ის მიზეზები შეახსენა, რის გამოც, მისი თქმით, არჩევანი სახელისუფლებო გუნდზე უნდა შეჩერდეს.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათიათასობით მხარდამჭერს, შემაჯამებელი სიტყვით დედაქალაქის მერმაც მიმართა. კახა კალაძე ამომრჩევლების მხარდაჭერას მე-2 ტურშიც ელოდება და ამბობს, რომ საზოგადოების ნდობა სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების განხორციელების წინაპირობაა.
30 ოქტომბერი, როგორც საბოლოო გამარჯვება და ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა - ასე აფასებს კახა კალაძე არჩევნების მეორე ტურს. მისი განმარტებით, 3 დღეში ამომრჩეველმა პროგრესზე ორიენტირებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
დღეს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები არა მხოლოდ დედაქალაქიდან, არამედ ქვეყნის ყველა რეგიონიდან შეიკრიბნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა სცენიდან მომხრეებში გადაინაცვლა და მათ პირადად, კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მხარდაჭერისთვის.
"ქართული ოცნების" შემაჯამებელი შეკრება, თავისუფლების მოედანზე დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ღონისძიება კი ტრადიციული სიმღერით დასრულდა.