16 ნოემბერი 2024,   17:01
ვრცლად
უარი სამედიცინო დახმარებაზე შიმშილობის 27-ე დღეს - ვინ არ შეუშვეს ციხეში უკრაინული დელეგაციიდან მიხეილ სააკაშვილის სანახავად

შიმშილობის 27-ე დღეს, მიხეილ სააკაშვილმა ყველა სახის სამედიცინო დახმარების მიღებაზე უარი თქვა. ეს ინფორმაცია მსჯავრდებულის საკნიდან მისმა უკრაინელმა ექიმმა და ადვოკატმა გამოიტანა. გზავნილში ექსპრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიზეზად, შეხვედრების ოთახში ცვლილებები დაასახელა.

დილით, ციხეში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ადვოკატებმა განაცხადეს, რომ შეხვდრის ოთახში პატიმარსა და მნახველებს შორის ბარიერი მთლიანად ამოაშენეს, რითაც პირდაპირი კომუნიკაციის საშუალება წაერთვათ


მოშიმშილე ექსპრეზიდენტი სამედიცინო დახმარებაზე უარს, რომ აცხადებდა, ეს ინფორმაცია ციხიდან პირველმა უკრაინელმა ექიმმა გამოიტანა, თუმცა მაქსიმ პრედიმისი დღეს მიხეილ სააკაშვილის ერთადერთი სტუმარი არ ყოფილა. უკრაინის პირველი უფლებადამცველი ექსპრეზიდენტთან საკანში დილიდან შევიდა.

ორსაათიანი აუდიენციის დასრულების შემდეგ კი, ომბუდსმენმა მსჯავრდებულის უფლებრივ მდგომარეობაზე ვრცლად ისაუბრა, ხელისუფლებას კი, მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართა.

იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილთან დღეს შეხვედრა ვერ შეძლეს. მსჯავრდებულის უკრაინელი ადვოკატი საქართველოში არ შემოუშვეს. საქართველოში არც ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე შემოუშვეს.

დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგი გამართა მიხეილ სააკაშვილის ინტერესების კიდევ ერთმა დამცველმა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, გლდანის ციხის საავადმყოფოში სააკაშვილის გადაყვანა საფრთხის შემცველია, რადგან იქ მისი თქმით, მუშაობენ ექიმები და ექთნები, რომლებიც ყოფილი პატიმრები არიან.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, დღეს ამერიკელი დიპლომატის ყურადღების მიღმაც არ დარჩენილა.

ადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სასიცოცხლო მნიშვნელობის მაჩვენებლები ორჯერ უკვე კრიტიკულად გაუარესდა. რუსთავის კოლონიის ეზოში ამ დრომდე მორიგეობს რეანომობილიც, თუმცა ამ ბრიგადის ექიმების დახმარებაზე მიხეილ სააკაშვილი უკვე უარს აცხადებს.

დღის ამბები