საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა IPSOS-ის მიერ ჩატარებულ კვლევას, რომლის თანახმადაც, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, რეგიონებში ოპოზიცია იგებს.
მისი თქმით, ეს კვლევა გაყალბებულია ლევან თარხნიშვილის მიერ, ამიტომაც, "ოცნებისთვის" საინტერესო არ არის.
"ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არავითარი სანდოობა არ აქვს ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევებს, IPSOS-ის სახელს რომ იყენებენ, ესეც ყველასთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. ეს ლევან თარხნიშვილის მიერ გაყალბებული კვლევები ნამდვილად არ არის საინტერესო ჩვენთვის. ეს არის მორიგი უსუსური მცდელობა იმისა, რომ გუშინდელი ტრიუმფალური ღონისძიება რამენაირად გადაეფარათ და ამას ძალიან მალე, 2 დღეში ჩვენი მოსახლეობა იხილავს, რომ მეორე ტური დასრულდება ჩვენი გამარჯვებით,"-აცხადებს პრემიერი.