Ipsos-ის ვებგვერდი გაითიშა. error-ი საიტზე მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის უკრაინულ გვერდზე ზუგდიდს "ქართული ოცნების" კანდიდატი იგებდა, ხოლო ქართულ მედიაში ციფრები ანზორ მელიას სასარგებლოდ გამოქვეყნდა.
საიტის პარალიზებამდე ორგანიზაციის უკრაინულ გვერდზე გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატი მამუკა წოწერია 51%-ით ლიდერობდა, თუმცა ამ შედეგებისგან რადიკალურად განსხვავებული ციფრები გამოაქვეყნა კვლევის დამკვეთმა, მთავარმა არხმა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ანზორ მელიას 9%-იანი უპირატესობა ჰქონდა.
მმართველი პარტიის ბრალდებასა და კვლევის არასწორი შედეგების გავრცელებზე განმარტება "ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მერობის კანდიდატს დღეს არ გაუკეთებია, თუმცა თავად ორგანიზაციის სანდოობაში ოპოზიციურ პარტიას ეჭვი არ ეპარება.
ციფრებით მანიპულაციაზე პირველი კომენტარი გაკეთდა ზუგდიდში მმართველი პარტიის კანდიდატის მამუკა წოწერიას შტაბში. ირაკლი ჩიქოვანი დარწმუნებულია, რომ კვლევის ზუგდიდის ნაწილის ცვლილება შეგნებულად მოხდა.
იფსოსის კვლევებთან დაკავშირებით უნდობლობის კიდევ ერთ მიზეზად მმართველ პარტიაში ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სხვა გამოკითხვების შედეგებსაც ასახელებენ.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ კვლევები რეალურ შედეგს მინიმუმ 9 პროცენტით ჩამორჩება. კვლევის საველე სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასთან შეკითხვები აქვს პრემიერ-მინისტრსაც.
კვლევის შედეგების ნაკლებად სჯერათ სხვა პოლიტიკურ პარტიებშიც. ოპოზიციის ნაწილში ამბობენ, რომ შესაძლოა იპსოსთან შეკითხვები მათაც გააჩნდეთ.
არც თბილისში და არც სხვა მუნიციპალიტეტში, სადაც არჩევნების მეორე ტურია, მმართველი პარტია მარცხს არ ელოდება. "ქართული ოცნების" დედაქალაქის მერობის კანდიდატი საზოგადოების მხადაჭერაში დარწმუნებულია.
ზუსტად 2 დღეში კი, ამომრჩეველი საკუთარ არჩევანს კიდევ ერთხელ გააკეთებს.